ახალი ამბები

რა მიესაჯათ დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს

1 ივნისი, 2018 • 2151
რა მიესაჯათ დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა არეშიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების სასჯელის ზომა გამოაცხადა.
დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის სასამართლომ ბრალდებულ გ.ბ-ს 14  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით.
ხოლო დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გ.ჯ.-ს სასჯელის ზომად 13  წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომა წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი