ახალი ამბები

#ნუმომკლავ – ქუთაისში სტუდენტები სოლიდარობის აქციას მართავენ

1 ივნისი, 2018 • 2200
#ნუმომკლავ – ქუთაისში სტუდენტები სოლიდარობის აქციას მართავენ

დღეს, პირველ ივნისს, ქუთაისში სოლიდარობის აქციას აკაკი  წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მართავენ. 150-მდე სტუდენტმა თამარ მეფის ქუჩა ტრანსპარანტებით გაიარა, რომელზეც ეწერა აქციის მთავარი სლოგანი – “ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი”.

სტუდენტები, რომლებიც ამ დროისთვის [12:15 საათი] ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ არიან შეკრებილი, ამბობენ, რომ სხვადასხვა სკოლიდან მათ უერთდებიან მოსწავლეები, ასევე- მოქალაქეები.

“აქციაზე არაერთხელ გაჟღერდა გამომსვლელების მიერ, რომ ჩვენ ვემიჯნებით აბსოლუტურად ყველა პარტიას. ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი, უპარტიო ძალა, რომელიც შედგება მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტებისგან და ახალგაზრდებისგან.

ჩვენ არ  გვაქვს ძირითად მოთხოვნად მთავრობის გადადგომა, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა მოხდეს ყველა იმ საქმის, რომელიც დღეს საქართველოში დაგროვდა, სამართლიანი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა,“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გვანცა ჩოგოვაძემ.

სტუდენტები აქციის გაგრძელებას ქუთაისის ქუჩებში მსვლელობით გეგმავენ.

———————————————–

სოლიდარობის აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში გუშინ, 31 მაისს სპონტანურად დაიწყო. მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.  ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ  გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ, აქციებს არ შეწყვეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი