ახალი ამბები

მირზა სუბელიანი შსს-ში იმყოფება

1 ივნისი, 2018 • 1813
მირზა სუბელიანი შსს-ში იმყოფება

შინაგან საქმეთა სამინისტორში მირზა სუბელიანი იმყოფება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. ამ ეტაპზე უწყება ამ საკითხზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს. დღეს, პარლამენტის წინ აქციაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანმა საქართველო დატოვა, თუმცა მოგვიანებით სააგენტო “აიპრესმა” მისი განცხადება გაავრცელა, სადაც მირზა სუბელიანი ამბობს, რომ მას ქვეყანა არ დაუტოვებია.

“არსად წასვლას არ ვაპირებ, მიზანმიმართული ტყუილი ვრცელდება ჩემთან მიმართებაში, რომ თითქოს მე და ჩემმა ოჯახმა ქვეყანა დავტოვეთ. პირველივე დღიდან ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ახლაც მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი საპარლამენტო კომისიაში,” – აცხადებს მირზა სუბელიანი.

ზაზა სარალიძის მთავარი პრეტენზია შეეხება იმას, რომ მირზა სუბელიანი დაკითხულიც კი არ არის ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც “რუსთავი 2–ის” მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, მკვლელობის შემდეგ იგი სტუმრობდა ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის ოჯახს, რომელიც მისი ნათესავია. მირზა სუბელიანი მთავარი პროკურატურის თანამშრომელი იყო. ამ ფაქტის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა.

მოკლული სარალიძის ოჯახი მიიჩევს, რომ მირზა სუბელიანი მკვლელობაში მონაწილეებს მფარველობს, თავად მირზა სუბელიანს კი ხელისუფლება აფარებს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი