კვირიკაშვილს აქცია საგნების სროლის ფონზე დაატოვებინეს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იძულებული გახდა, დაეტოვებინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ, რაც მან აქციის მონაწილეებთან დალაპარაკება სცადა.

მის გამოჩენას პარლამენტის წინ შეხლა-შემოხლა მოჰყვა, აქციის მონაწილეებმა მის მიმართ საგნების სროლა დაიწყეს. “წადი! გადადექი!” – სკანდირებდნენ აქტივისტები.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლა სცადა, თუმცა რამდენიმე წუთში იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა.

მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ, ზაზა სარალიძის განცხადებით, საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გრძელდება. რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ სარალიძეების ოჯახს.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.