ახალი ამბები

ეროვნული ნაკრების არცერთი მორაგბე იმყოფება აქციაზე – რაგბის კავშირი

31 მაისი, 2018 • 5418
ეროვნული ნაკრების არცერთი მორაგბე იმყოფება აქციაზე – რაგბის კავშირი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, სარალიძეების ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა აქციას არ უერთდებიან “პოლიტიკური ელფერის” გამო.

როგორც რაგბის კავშირში ნეტგაზეთს განუცხადეს, ფრანგი “ბარბაროსების” დამარცხების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების არცერთ წევრს დაუტოვებია დინამოს ტერიტორია, ხოლო თუ რომელიმე გუნდის სპორტსმენი დამოუკიდებლად გადაწყვეტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე წასვლას, ეს მისი გადასაწყვეტია.

მათი განცხადებით, ნაკრების წევრები ჯერ კიდევ დინამოს სტადიონზე იმყოფებიან, ხოლო მატჩის დასრულებისთანავე ნაკრები მიემგზავრება ოკეანეთში (ფიჯიზე) წყნარი ოკეანის თასზე მონაწილეობის მისაღებად.

“უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირის, ბორჯღალოსნებისა და ქართული სარაგბო ოჯახის სახელით ნუ გააკეთებთ განცხადებებს.

ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაგბის ნაკრები უერთდება რუსთაველზე მიმდინარე აქციას. ნეტგაზეთის ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ სარალიძეების ოჯახის მხარდამჭერ აქციას რაგბის გულშემატკივრების ჯგუფი შეუერთდა.

გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით!” – ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები და მოძრაობები, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები უცხადებენ სოლიდარობას სარალიძეების ოჯახს. პარლამენტთან იმყოფებიან ის ახალგაზრდებიც, რომლებიც მაისის შუა რიცხვებში მკაცრ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ. აქციას სპორტსმენები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირებიც შეუერთდნენ.

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მთავრობის გადადგომას ითხოვს. პარლამენტთან კარვების გაშლას იწყებენ. მოკლული დავით სარალიძს მამის თქმით, ის ადამიანურ სოლიდარობას ითხოვს პირველ რიგში და არ აქვს მნიშვნელობა, ვის როგორი პოლიტიკური შეხედულება აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი