ახალი ამბები

გადადგეს გომელაური, გვენეტაძე, მურუსიძე, ჩინჩალაძე – აქციის მოთხოვნა

31 მაისი, 2018 • 2609
გადადგეს გომელაური, გვენეტაძე, მურუსიძე, ჩინჩალაძე – აქციის მოთხოვნა

გასულ წელს მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის ოჯახის მხარდასაჭერად თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილებმა ახალი მოთხოვნები წამოაყენეს. აქციაზე შეკრებილებს მოთხოვნები ზაზა სარალიძის მეგობარმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გააცნო.

კუპრავას განცხადებით, უნდა გადადგეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, მოსამართლე ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიხეილ ჩინჩალაძე. ზვიად კუპრავამ ასევე მოითხოვა სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადაყენება.

გარდა ზემოაღნიშნული პირების გადაყენებისა, აქციის მონაწილეები ითხოვენ სარალიძე-დადუნაშვილის საქმეში ჩართული პროკურერებისა და  პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის დასჯას.

“როდესაც ეს მოთხოვნები შესრულდება, ჩვენ ჩავთვლით, რომ სისტემა მნიშვნელოვნად ჩამოვშალეთ. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა პროკურატურასთან, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაბედონ და ვინმე არ წარადგინონ მთავარი პროკურორის პოსტზე”, – თქვა ზვიად კუპრავამ სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, შეიქმნება საზოგადოებრივი ჯგუფი ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით, რომელიც პარლამენტს მთავარი პროკურორის კანდიდატურას წარუდგენს.



თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი