ახალი ამბები

დარწმუნებული ვარ შოთაძის კეთილსინდისიერებაში – ბიძინა ივანიშვილი

31 მაისი, 2018 • 3786
დარწმუნებული ვარ შოთაძის კეთილსინდისიერებაში – ბიძინა ივანიშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიით შეძრულია. მისივე თქმით, ირაკლი შოთაძის გადადგომა უმაღლესი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული ნაბიჯია.

“ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მეც ისევე შემზარა, როგორც მთელი ქართული საზოგადოება. თქვენთან ერთად მეც მძაფრი ინტერესით ვაკვირდებოდი სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობას და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად და დროულად აღსრულდებოდა. მე პირადად ვიცნობ ირაკლი შოთაძეს და დარწმუნებული ვარ მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში. მჯეროდა და მჯერა, რომ ირაკლი და მისი უწყება ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ყველა დამნაშავეს ადეკვატურად ეგო პასუხი კანონის წინაშე.

სამწუხაროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ გამოძიების სანდოობა დაზარალებულის და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ეჭვის ქვეშ დადგა, რასაც მთავარი პროკურორის მხრიდან მყისიერად მოჰყვა უკიდურესად ღირსეული, უმაღლესი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული ნაბიჯი. ირაკლი შოთაძის გადადგომა არის ის სრულიად ახალი სტანდარტი, რომლის დამკვიდრება იყო ქართული ოცნების თაოსნობით განხორციელებული 2012 წლის სახალხო რევოლუციის მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაზარალებულ ოჯახებს და გამოვთქვა რწმენა, რომ მართლმსაჯულება ყოველ მიზეზგარეშე აღსრულდება!”,- ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. სარალიძის მშობლები და მხარდამჭერები უკვე რამდენიმე საათია მთავარ პროკურატურასტან იმყოფებიან. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არ გადადგება, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დღეს, 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომა წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი