ახალი ამბები

2017 წელს მედიაში ქსენოფობიამ იმატა – მედიის განვითარების ფონდის კვლევა

31 მაისი, 2018 • 2650
2017 წელს მედიაში ქსენოფობიამ იმატა – მედიის განვითარების ფონდის კვლევა

“მედიის განვითარების ფონდის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2017 წელს ქართულ მედიაში ქსენოფობიურმა განცხადებებმა მოიმატა.

“ჰოდა, თუ თვით ევროკავშირის წევრები არ ეპუებიან ამ დამანგრეველ საიმიგრაციო პოლიტიკას, ჩვენ ვისი ტიკიტომარები ვართ, რომ ასე ფართოდ გავუღეთ კარი ყველა ჯურის ძაღლსა და ღორს?!!“ (ასავალ-დასავალი, 11-17 სექტემბერი/ჟურნალისტი გიორგი გიგაური).

„ახლა კი ისე ნებიერად დაგოგმანებენ მათ მიერვე ექვსჯერ გადამწვარ თბილისში, რომ სულ აღარ ჭირდებათ ჩვენი „შეშინება“ – ნანა გაგუა (მარშალპრესი, 19 აგვისტო)

„რო გავა, რა, 100 წელი რუსეთი აღარ იქნება ოკუპანტი? ეხლა თურქეთთან ზუსტად 100 წელია გასული რაც წაგვართვა ეს ტერიტორიები“ (ობიექტივი, ღამის სტუდია, 6 სექტემბერი/წამყვანი ბონდო მძინარაშვილი).

„ხო, არა, იქ [ნორვეგიაში] უკვე დამთავრებულია. იქ, სამწუხაროდ, უკვე სქესი უნდა აირჩიონ თვითონ ადამიანებმა და არა უფალმა“ (ობიექტივი, ღამის სტუდია, 3 მარტი/წამყვანი ნინო რატიშვილი).

სიძულვილის ენის წყაროები. მედიის განვითარების ფონდის კვლევა.

ეს გამონათქვამები ამონარიდია “მედიის განვითარების ფონდის” კვლევიდან, რომლის პრეზენტაცია დღეს, 31 მაისს შედგა. “მედიის განვითარების ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით მოიმატა ჰომოფობიურმა განწყობებმა, თუმცა ქსენოფობია უფრო მეტად გამოვლინდა მედიაში.

კინწურაშვილის თქმით, მომძლავრებული თურქოფობიისთვის ანტიდასავლური კონტექსტია განმსაზღვრელი. ის უკავშრდება ნატოში გაწევრებას, თურქეთის ექსპანსიას, ყარსის ხელშეკრულების შესახებ მითს. ამ ყველაფერში ძირითადად 4 საფრთხეა გამოკვეთილი: ომის შიში, საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის შიში (თურქეთი მოიაზრება საფრთხედ), ბიოდივერსიის საფრთხე და იდენტობის დაკარგვის საფრთხე.

ქსენოფობიის გზავნილები. მედიის განვითარების ფონდის კვლევა.

“წელს წინა წელთან შედარებით უკანა პლანზე გადაინაცვლა იდენტობების საკითხმა, რადგან მისი მიზანი  სტრატეგიული პარტნიორების დემონიზებაა”, – განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

კვლევის მონიტორინგი 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე მიმდინარეობდა და დისკრიმინაციული შინაარსის 1926 კომენტარი გამოვლინდა, რომელთაგან ყველაზე დიდი წილი ქსენოფობიაზე მოდის.

  • ქსენოფობია – 49.1%;
  • ჰომოფობია – 38%;
  • რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია – 7.3%;
  • სიძულვილის ენა სხვადასხვა მოტივით – 4.5%;
  • რასიზმი – 1%;
  • გეოგრაფიული ნიშნით დისკრიმინაცია 0.1%.

ქსენოფობიური განწყობა ანტიმიგრანტული (275) მოსაზრებებითაა განპირობებული. მიგრანტების საწინააღდეგო განწყობებს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის დროსაც ვხვდებით, როდესაც ისლამოფობიის სახით ვლინდება. ამ განწყობებს წელს გააქტიურებული ულტრამემარჯვენე ჯგუფები ახალისებენ, აღნიშნულია კვლევაში.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით გაზრდილია არმენოფობიური და თურქოფობიური განწყობებიც. თურქოფობია იმ გამოთქმული მოსაზრებებით ვლინდება, რომ თურქეთი საქართველოს ექსპანსიას ახორციელებს და რომ ის არაა სტრატეგიული პარტნიორი, არამედ ისტორიული მტერია.

თურქეთის საპირწონედ, რუსეთის, როგორც ერთმორწმუნე ქვეყნის და საქართველოს უსაფრთხოების გარანტად წარმოჩენაა, ვკითხულობთ ანგარიშში.

ქსენოფობიის ტიპოლოგია. მედიის განვითარების ფონდის კვლევა.

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის 140 შემთხვევიდან თითქმის 65% ისლამოფობიაზე მოდის (90). შემდეგ ადგილზე არიან იეჰოვას მონაწილეები.

მედიისა (573) და საზოგადოების (559) მხრიდან გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები ყველაზე მაღალია და ისინი თითქმის თანაბარი შეუწყნარებლობით გამოირჩევიან, რასაც მცირედით ჩამორჩება პოლიტიკური კლასი (472).

6 მედიასაშუალება, რომლებიც ყველაზე მეტად გამოხატავდა სიძულვილის ენას სხვადასხვა ჯგუფის მიმართ:

  • საქართველო და მსოფლიო  – 198
  • ასავალ–დასავალი – 141
  • ობიექტივი – 74
  • საქინფორმი – 66
  • ალია – 46
  • მარშალპრესი – 16

10 პარტია, რომლებიც ყველაზე ხშირად აღვივებდნენ სიძულვილის ენას:

  • პატრიოტთა ალიანსი
  • გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა
  • ქართული ოცნება
  • თავისუფალი საქართველო
  • ქართული დასი

სიძულვილის ენის მედია წყაროები. მედიის განვითარების ფონდის კვლევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი