ახალი ამბები

რა შენიშვნები აქვს სარალიძის ოჯახს პროკურატურასთან – დეტალები მოკლედ

31 მაისი, 2018 • 3674
რა შენიშვნები აქვს სარალიძის ოჯახს პროკურატურასთან – დეტალები მოკლედ

დღეს, 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას ერთ-ერთი დაღუპულის მამის, ზაზა სარალიძის ოჯახისა და მხარდამჭერების აქცია მოჰყვა საქართველოს პროკურატურასთან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის ერთი პირი ცნო დამნაშავედ, თუმცა ვერ დაადგინა, ვინ მოკლა მეორე არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლომ გ. ბ. დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში  – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. მას ბრალად ედებოდა დავით სარალიძის მკვლელობა, თუმცა სასამართლომ მისი ბრალი მკვლელობის მცდელობად გადააკვალიფიცირა.

გამოძიების მიმდინარეობისას ზაზა სარალიძეს, დავით სარალიძის მამას, კითხვები ჰქონდა პროკურატურასთან. სარალიძე აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ამ ორი ადამიანის გარდა კიდევ 2 ადამიანი იყო მკვლელობის მონაწილე. სამართლიანი გამოძების მოთხოვნით, მან 27 მაისს პარლამენტის წინ აქციაც ჩაატარა.

[red_box]ზაზა სარალიძის შენიშვნები[/red_box]

  • პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ფაქტორი

ზაზა სარალიძის მთავარი პრეტენზია შეეხება იმას, რომ მირზა სუბელიანი დაკითხულიც კი არაა ამ საქმესთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც “რუსთავი 2″–ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, მკვლელობის შემდეგ იგი სტუმრობდა ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის ოჯახს, რომელიც მისი ნათესავია. ჩხუბში ასევე მონაწილეობდა სუბელიანის შვილიც.

მირზა სუბელიანი მკვლელობის დროს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომელი იყო. ამ ფაქტის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს ვიდეო საქმის ერთ-ერთი მტკიცებულებაა და მათ მიერაა მოპოვებული.

სარალიძემ გადაცემაში “რეაქცია” განმარტა, რომ დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულმა ერთმა პირმა, რომელიც სუბელიანის ნათესავია, სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში ისაუბრა იმის შესახებ, რომ მირზა სუბელიანი იმყოფებოდა მასთან სახლში და მას ესაუბრა.

ზაზა სარალიძე კითხულობს, რომ თუ მირზა სუბელიანი შვილის წამოსაყვანად იყო მისული, რატომ გაჩერდა ნათესავების სახლში. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სუბელიანის მეუღლე და შვილი პირველები გამოდიან, შემდეგ გამოდიან მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია.

თენგიზ კალანდია დანაშაულის დაფარვაშია ბრალდებული. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვიდეოკადრებში ჩანს, რომ კალანდია პარკით ცდილობდა მტკიცებულებების განადგურებას.

  • დაზიანებული მტკიცებულებები

ზაზა სარალიძეს საეჭვოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ დანა, რომელიც დანაშაულის ადგილიდან ამოღებული მტკიცებულებაა, დააზიანეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა.

სარალიძე ფიქრობს, რომ ამ ორი დანის გარდა, შესაძლოა, არსებობდეს კიდევ სხვა იარაღები. ეს მოსაზრება მას ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მიერ ტანსაცმელზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ გაუჩინა. ექსპერტიზით საუბარია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ამ მკვლელობაში სხვა იარაღია გამოყენებული.

“მაია ნიკოლაიშვილის საექსპერტო დასკვნიდან დგინდება, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ დამალა ფაქტები, გაანადგურა ერთ-ერთი ნივთმტიკცება- დანა. დანის პირს ისეთი დეფორმაცია აქვს მიღებული, რომ ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება უკვე გამორიცხულია”, – განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ნიკოლეიშვილის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე არაფერი უხსენებია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ სამსახურს.

  • ფარდულის განადგურება

ზაზა სარალიძის კიდევ ერთი შენიშვნა გამოძების მიმართ ისაა, რომ ფარდული, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, რამდენიმე კვირის წინ დაშალეს. ეს ფარდული კერძო საკუთრება იყო.

“უდიდესი შეცდომა, რაც გამოძიებამ დაუშვა, ფარდულის დანგრევა იყო. მთავარი ნივთმტკიცება, სადაც მკვლელობა მოხდა, გაანადგურეს. აქედან გამომდინარე, თუ ფარდული გაანადგურეს, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველა მოწმეზე ზეწოლა განახორციელეს,” –  თქვა სარალიძემ.

სარალიძე ამბობს, რომ ამ ფარდულში შეიძლებოდა მთელი სურათის აღდგენა, თუ რა მოხდა იმ ეზოში მკვლელობის დღეს. მას აქვს შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გამომძიებელს არ ჰქონდა საზომი ერთეული, რომ ზუსტად გაეზომა აღნიშნული ფარდული. ამ ყველაფერს სარალიძე იმას უკავშირებს, რომ პროკურატურას საქმის “შეკერვა” სურდა.

რას ამბობს პროკურატურა

ზაზა სარალიძის ბრალდებების საპასუხოდ, თავისი ვერსიები აქვს პროკურატურას. თბილისის პროკურორმა “TV პირველის” გადაცემაში “რეაქცია” მალხაზ კაპანაძემ ისაუბრა:

  • სუბელიანის ფაქტორი

თბილისის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ განმარტა, რომ მირზა სუბელიანის მისვლის ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ მისი შვილი წამოეყვანა. პროკურორმა განმარტა, რომ სუბელიანის შვილის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ნათესავებსაც მოუწოდებდა გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ.

“მირზა სუბელიანის შვილის ჩვენება იყო ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება სხვა მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც გამოძიებას დაეხმარა, მყისიერად გახსნილიყო აღნიშნული დანაშაული და გამოვლენილიყო ჩამდენი პირები”, – განაცხადა თბილისის პროკურორმა.

მალხაზ კაპანაძემ განმარტა, რომ სუბელიანი დანაშაულის ჩადენის დროს იყო კადრების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მას არანაირი შეხება არ ჰქონია სისხლის სამართლის საქმეებთან.

პროკურორმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს მირზა სუბელიანი ჰყავდა დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი, თუმცა მათ მოხსნეს იგი დასაკითხი პირების სიიდან. კაპანაძე ამბობს, რომ დაცვის მხარემაც არ ისურვა მისი დაკითხვა, იმდენად არაინფორმატიული იყო.

  • ფარდული

გამოძიების მტკიცებით, დანაშაულის ადგილი მთელი ეზოა, სადაც რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა დაპირისპირება, მათ შორის ფარდულშიც. კაპანაძის თქმით, მთელი ეზო დაათვალიერეს და საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაფიქსირდა.

კაპანაძე ამბობს, რომ არავის მიუთითებია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებებისთვის სჭირდებოდათ ფარდულის არსებობა.

“დავუშვათ, სჭირდება დაცვის მხარეს საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის, აღდგენადია ამის მაკეტი და ეს ფარდული”, – განაცხადა თბილისის პროკურორმა.


2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 2 არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპნენ.

დადუნაშვილისა და სარალიძის მკვლელობაში ბრალი ედებოდათ არასრულწლოვნებს გ. ჯ–სა და გ. ბ–ს. ამ სამეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული არიან თ. კ., ლ. კ, და მ. კ.

ამავე დანაშაულის დაფარვაში ედებათ ბრალი გ. შ–სა და ზ.წ–ს. გამოძიება მათ ბრალს სდებს ხელი გ. ჯ–ს მიმალვაში ხელშეწყობაში, რომელიც პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი