ახალი ამბები

პარლამენტი სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიას ქმნის

31 მაისი, 2018 • 1651
პარლამენტი სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიას ქმნის

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო კომისია ყველა ბერკეტს გამოიყენებს მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

“დღეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომელიც ორი არასრულწლოვნის მკვლელობას ეხება. სასამართლოს განაჩენის შინაარსის გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ განსასჯელთან დადგინდა დასრულებული დანაშაული, ხოლო მეორის მიმართ მხოლოდ მცდელობა, გაჩნდა კითხვები საქმეზე მართმსაჯულებასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ სასამართლოში გრძელდება ამ საქმის განხილვა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის სრულყოფილი გამოძიება ჩვენი გუნდისთვის პრინციპული საქმეა, პარლამენტი დღეიდან უშუალოდ ჩაერთვება მის გამოძიებაში,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი