ახალი ამბები

კობახიძე სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე: ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გაირკვეს

31 მაისი, 2018 • 1565
კობახიძე სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე: ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გაირკვეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას გამოეხმაურა:

“როდესაც ორი ბავშვია მოკლული და ერთ შემთხვევაში, დასრულებულ დანაშაულზე დგება განაჩენი და მეორე შემთხვევაში – მცდელობაზე, აშკარაა, რომ საქმე ბოლომდეა მისაყვანი, ეს აშკარად ჩანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არცერთ მხარეს [არც სასამართლოს და არც პროკურატურას] აპრიორი არ ვუცხადებთ ნდობას. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გაირკვეს და დადგეს საბოლოოდ სამართლიანი განაჩენი. ასეთია ჩვენი პოზიცია – არასწორია აპრიორი ერთი მხარისთვის ნდობის გამოცხადება და მეორე მხარისთვის უნდობლობის გამოცხადება. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რაშია რეალურად საქმე“ – ამბობს ირაკლი კობახიძე. 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.


  • 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
  • ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
  • პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვნებს შორის დანაშაულების პრევენციისთვის.
  • 3 დეკემბერს, 51-ე სკოლასთან არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა. მოქალაქეები მეორე დღეა 51-ე სკოლასთან მიდიან – ისინი მოკლული ბავშვების ხსოვნას ყვავილებითა და სანთლებით სცემენ პატივს.
  • ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამამ, მირზა სუბელიანმა, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა,  საგამოძიებო უწყებას   გათავისუფლების მოთხოვნით, 3 დეკემბერს მიმართა. პროკურატურამ მისი მოთხოვნა 4 დეკემბერს დააკმაყოფილა და   სამსახურიდან გაათავისუფლა

მასალების გადაბეჭდვის წესი