თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციამ 3 პირი დააკავა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ხმაური და დაპირისპირება სასამართლოში მოჰყვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით 3 პირია დაკავებული.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე სასამართლომ გამამამრთლებელი განაჩენი გამოიტანა. სარალიძის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სარალიძის ოჯახი განაჩენით უკმაყოფილოა. ისინი ხელახალი გამოძიების მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავენ პროკურატურასთან. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა მეორე მოკლულის, ლევან დადუნაშვილის ოჯახი. ისინი უფრო მკაცრ სასჯელს მოითხოვენ. დადუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულს მაქსიმუმ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


  • 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
  • ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
  • პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვნებს შორის დანაშაულების პრევენციისთვის.
  • 3 დეკემბერს, 51-ე სკოლასთან არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა. მოქალაქეები მეორე დღეა 51-ე სკოლასთან მიდიან – ისინი მოკლული ბავშვების ხსოვნას ყვავილებითა და სანთლებით სცემენ პატივს.
  • ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამამ, მირზა სუბელიანმა, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა,  საგამოძიებო უწყებას   გათავისუფლების მოთხოვნით, 3 დეკემბერს მიმართა. პროკურატურამ მისი მოთხოვნა 4 დეკემბერს დააკმაყოფილა და   სამსახურიდან გაათავისუფლა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.