ახალი ამბები

სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, სარალიძის მკვლელი უცნობია

31 მაისი, 2018 • 12035
სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, სარალიძის მკვლელი უცნობია

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაძაბულობა მოჰყვა. 31 მაისი, 2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

სარალიძის ოჯახი განაჩენით უკმაყოფილოა. ისინი ხელახალი გამოძიების მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავენ პროკურატურასთან. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა მეორე მოკლულის, ლევან დადუნაშვილის ოჯახი. ისინი უფრო მკაცრ სასჯელს მოითხოვენ. დადუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულს მაქსიმუმ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა რუსთავი 2-ს უთხრა, რომ სასამართლომ ვერ დაადგინა, ვინ მოკლა დავით სარალიძე. მისივე თქმით, დადგინდა, რომ “ნამდვილი მკვლელები” გარეთ არიან და მტკიცებულებები გაყალბდა. ადვოკატის ცნობით, სარალიძის ექსპერტიზითა და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულს რეალურად არ მიუყენებია სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობა. თუმცა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. სწორედ ამ განაჩენის გასაჩივრებას აპირებს ბრალდებულის ადვოკატი.

რაც შეეხება დაკისრებულ სასჯელებს, აღნიშნულს სასამართლო ხვალ, პირველ ივნისს, გამოაცხადებს.

შესწორება: დღეს, 31 მაისს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოში იყო ხმაური. პროცესი მედიისთვის იყო დახურული. სხდომათა დარბაზიდან გამოსულებმა თქვეს, რომ ორივე მკლველობის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოცხადდა, რის გამოც ნეტგაზეთმა დაუშვა შეცდომა.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის მიწურულს, ქუჩური გარჩევის დროს მოკლეს. სარალიძის ოჯახის მიიჩნევს, რომ გამოძიება მკვლელობის რეალურ ჩამდენებს ხელს აფარებს.

ამავე თემაზე

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა

მასალების გადაბეჭდვის წესი