ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთი გმობს სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას

30 მაისი, 2018 • 2149
დიდი ბრიტანეთი გმობს სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას

დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფო სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს. დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპისა და ამერიკის საკითხებში ალან დუნკანის განცხადებით, მიუღებელია ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

“2008 წელს რუსეთის ინტერვენცია და ოკუპირებული რეგიონების ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადება საქართველოს სუვერენიტეტში უხეში ჩარევა იყო. ამ აღიარებით რუსეთი და სირიის რეჟიმი ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს და ეს ქმედება ხელს არ შეუწყობს პროცესების ვითარების მშვიდობიანი გზით მოგვარებას”,- აცხადებს ალან დუნკანი.

სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა. როგორც სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება: სირიის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აგრესიის დროს მათი მხარდაჭერის გამო, სირიის არაბული რესპუბლიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან შეთანხმდა ურთიერთაღიარებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე საელჩოების დონეზე.

ფაქტს მალევე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ამ დრომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი