ახალი ამბები

თამბაქოს კანონის გამო აკაკი ზოიძეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აჯილდოებს

30 მაისი, 2018 • 3909
თამბაქოს კანონის გამო აკაკი ზოიძეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აჯილდოებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “მსოფლიო თამბაქოს გარეშე” დღესთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებული კანონმდებლობის გამო აჯილდოებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია “მსოფლიო თამბაქოს გარეშე” დღეს 31 მაისს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აჯილდოებს ორგანიზაციებს და ადამიანებს. თამბაქოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისთვის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე თამბაქოს კონტროლის კანონის მიღების პროცესში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. “აკაკი ზოიძე აქტიურად იყო  ჩართული კანონის მიღების პროცესისას ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან მოლაპარაკებებში. ის ასევე მჭიდროდ თამამშრომლობდა მედიასთან. კანონის მიღების პროცესში მისი წვლილი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო და მან შეძლო ჯანმრთელობის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვან საკითხად ექცია და ამით მსოფლიოში სხვა პოლიტიკოსებისთვის მაგალითი მიეცა,”-წერია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ ორგანიზაცია ჯილდოს ხვალ, 31 მაისს გადასცემს, თუმცა პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ეს ჯილდო ყველა იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიღების საკითხში იყო ჩართული.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი“ 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. კანონის თანახმად, თამბაქოს მოწევა [ასევე, ელექტროსიგარეტის] იკრძალება მთელ რიგ დაწესებულებებში. პირველი მაისიდან სიგარეტს ვეღარ მოწევ: ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება და  ასევე საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში. კანონის დარღვევა ფინანსურ ჯარიმასაც ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი