ახალი ამბები

ზოიძე რუსეთზე: ტოჩინოშინს ხომ არ გავუშვებთ რუსეთსა და პუტინზე ზეწოლისთვის?

30 მაისი, 2018 • 1962
ზოიძე რუსეთზე: ტოჩინოშინს ხომ არ გავუშვებთ რუსეთსა და პუტინზე ზეწოლისთვის?

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე დღეს, 30 მაისს, გამართულ პლენარულ სხდომაზე სირიის მიერ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა. როგორც აკაკი ზოიძე განმარტავს, მას არ ესმის, თუ რისი გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ რუსეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკა ეფექტური გახდეს.

აღნიშნული ზოიძემ მას შემდეგ თქვა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა “ქართულ ოცნებას” რუსეთთან დაკავშირებით პოლიტიკურ უუნარობაში დასდეს ბრალი.

პოლიტიკური ცინიზმია [ენმ-ის მხრიდან] ის, რომ აღიარება[სირიის მიერ აფხაზეთისა და ოსეთის] და რუსეთთან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკა და მდგომარეობა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებების პირდაპირი შედეგია, ამ ხელისუფლებას დააბრალო. მე არ მესმის, რა უნდა გავაკეთოთ, ომი უნდა გამოვუცხადო რუსეთს, თუ ტოჩინოშინი გავაგზავნოთ ემისრად, ზეწოლა რომ განახორციელოს რუსეთსა და პუტინზე? მე მართლა ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გავაკეთო იმ სიტუციაში, რომელშიც თქვენ გამო მოვხვდით,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

სირიამ, სადაც უკვე რამდენიმე წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ დაადანაშაულა მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში. მრავალწლიანი სამოქალაქო ომის შედეგად რამდენიმე მილიონი ადამიანი ლტოლვილად იქცა, ასეულ ათასობით კი დაიღუპა. ამ სამოქალაქო ომში რუსეთი ასადის რეჟიმს უმაგრებს ზურგს როგორც ცოცხალი სამხედრო ძალით, ისე – იარაღით.

მასალების გადაბეჭდვის წესი