ახალი ამბები

ზაზა სარალიძე: პირველ რიგში, ადამიანებს ვთხოვ დახმარებას და არა პოლიტიკოსებს

30 მაისი, 2018 • 2744
ზაზა სარალიძე: პირველ რიგში, ადამიანებს ვთხოვ დახმარებას და არა პოლიტიკოსებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პირველ რიგში,  ადამიანების სოლიდარობას ითხოვს და არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“ჩემთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ნაციონალური მოძრაობა დამიდგება გვერდში, ქართული ოცნება თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია, გენერალური პროკურატურა დამიდგება გვერდში თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე ვთხოვ დახმარებას ადამიანებს, პირველ რიგში, და არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ვითხოვ ადამიანურ გვერდში დგომას. არ მინდა ვიღაცას აზრი გაუჩნდეს, თითქოს ჩემი შვილის სული რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას მივყიდე – ეს გამორიცხეთ და ამოიგდეთ თავიდან, ხალხო!” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მოკლული არასრულწლოვნის მამა ამბობს, რომ არ სურს, საზოგადოება შევიდეს შეცდომაში, თითქოს მან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ამ თემით სპეკულირების უფლება მისცა:

“არა! გამორიცხეთ აბსოლუტურად! მე ვითხოვ ადამიანურ გვერდში დგომას. რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქეს აქვს საკუთარი შეხედულებები – ზოგი ნაციონალურ მოძრაობას ემხრობა, ზოგი ოცნებას და ზოგი სხვას. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია ამას. როგორ – ადამიანი, რომელიც დახმარების ხელს გამომიწოდებს, რადგან ოცნების ან ნაციონალების წარმომადგენელია, ხელი ვკრა?”

კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა საპროტესტო აქციებს, ზაზა სარალიძე პასუხობს, რომ ამ ეტაპზე განაჩენის დადგომას ელოდება.

“არ მინდა გაიგოთ ისე, თითოქს ეს ჩემი ახირება და მოთხოვნა იყოს. ამ საქმის მიღმა, რა სიმართლე და ჭეშმარიტებაც იმალება, ვითხოვ ამის გამოაშკარავებას და არა კონკრეტულად ვიღაცის დასჯას,” – განაცხადა TV პირველში ჩართვისას ზაზა სარალიძემ.

  • 27 მაისს რუსთაველის გამზირზე გაიმართა აქცია #ნუმომკლავ. პარლამენტის წინ იმყოფებოდნენ საზოაგადოების სხვადასხვა ჯგუფების წევრები, პოლიტიკოსები, აქტივისტები და ა.შ. მოკლული დავით სარალიძის მამას სოლიდარობას უცხადებდნენ ის ახალგაზრდებიც, რომლებიც მაისის შუა რიცხვებში ამავე ადგილას მკაცრ ნარკოპოლიტიკას და კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებდნენ.
  • ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ თუ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი არ გამოაშკარავდება და ყველა დამნაშავე არ დაისჯება, უფრო მასშტაბური აქციებით გააგრძელებს პროტესტს.
  • პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციდან ორი დღის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ზაზა სარალიძეს სამუშაო შეხვედრას კიდევ ერთხელ სთავაზობს კითხვებზე პასუხების გასაცემად.

მასალების გადაბეჭდვის წესი