ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სირიის გადაწყვეტილება ვერ შეცვლის საერთაშორისო საზოგადოების მყარ პოზიციას – აპატურაი

30 მაისი, 2018 • 1660
სირიის გადაწყვეტილება ვერ შეცვლის საერთაშორისო საზოგადოების მყარ პოზიციას – აპატურაი

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის თქმით, სირიის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ვერ იქონიებს გავლენას საერთაშორისო საზოგადოების მყარ პოზიციაზე.

“ნატო-ს და მისი მოკავშირეების პოზიცია ნათელი, მკაფიო და მყარია – ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სირიაში მიღებული გადაწყვეტილება ვერ შეცვლის და ვერ იქონიებს გავლენას საერთაშორისო საზოგადოების მყარ პოზიციაზე, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელია რეგიონებია.– ამბობს ჯეიმს აპატურაი პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა. როგორც სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება: სირიის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აგრესიის დროს მათი მხარდაჭერის გამო, სირიის არაბული რესპუბლიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან შეთანხმდა ურთიერთაღიარებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე საელჩოების დონეზე.

ფაქტს მალევე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ამ დრომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ს ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი