ახალი ამბები

მამუკა ბახტაძე – 630 ათასი ადამიანი ე.წ შავ სიაშია მოხვედრილი

29 მაისი, 2018 • 4129
მამუკა ბახტაძე – 630 ათასი ადამიანი ე.წ შავ სიაშია მოხვედრილი

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის 25-30%  ე.წ. შავ სიაშია მოხვედრილი და მათ ფინანსებზე წვდომა, რაც სესხის აღებას გულისხმობს, არ აქვთ.

“ეს ნიშნავს იმას, რომ 630 ათას ადამიანს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კონკურენტუნარიანი იდეა თუ პროექტი, რათა თავისი მცირე ბიზნესი დაიწყოს, გამოთიშულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებიდან,” – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

ფინანსთა მინისტრმა ე.წ. შავ სიაზე დღეს, 29 მაისს, საფინანსო სექტორში დაგეგმილი ახალი რეგულაციების პრეზენტაციისას ისაუბრა. სამინისტროში  საფინანსო სექტორში დაგეგმილ რეგულაციებს სამართლიანი წესების შემოღებითა და მომხმარებელთა უფლებების დაცვით ხსნიან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საფინანსო-საბანკო სფეროში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში კანონპროექტის სახით მალე შევა.

საქართველოში საკრედიტო ინფორმაციას სს „კრედიტინფო საქართველო” ინახავს. კრედიტინფოს თანახმად, ისინი საკრედიტო ინფორმაციის შესახებ მონაცემებს ბანკებს, სალიზინგო კომპანიებსა და ისეთ ორგანიზაციებს აწვდიან, რომლებიც სესხებს გასცემენ. მსესხებლის საკრედიტო ინფორმაცია 7 წლით ინახება. თუ მსესხებელმა კრედიტი არ გადაიხადა, ამის შესახებ ინფორმაციას კრედიტინფო 5 წელი ინახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი