ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“თუ არ იძიებ, ხელს აფარებ” – საქართველოს ხელისუფლებას აფგან მუხთარლის გატაცება შეახსენეს

29 მაისი, 2018 • 2598
“თუ არ იძიებ, ხელს აფარებ” – საქართველოს ხელისუფლებას აფგან მუხთარლის გატაცება შეახსენეს

“საქართველოს ხელისუფლება ამ პასუხისიმგებლობას თავიდან მაინც ვერ აიცილებს იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საქმე ბოლო წლების განმავლობაში”, – ამბობს უფლებადამცველი, ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი აფგან მუხთარლის გატაცების საქმესთან დაკავშირებით გამართულ დღევანდელ აქციაზე.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან აზერბაიჯანში გატაცებიდან ერთი წლის შემდეგ, 29 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია, სახელწოდებით “თუ არ იძიებ, ხელს აფარებ” გაიმართა.

“პირველი დღეებიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ოპერაციაში, სავარაუდოდ, ქართველი სამართალდამცველები მონაწილეობდნენ. ხელისუფლებას ერთი წელი ჰქონდა ამ ეჭვების გასაქარწყლებლად და იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია გამოძიებაზე. კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა”, – ამბობს უჩა ნანუაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

ეს კითხვის ნიშნები, როგორც ნანუაშვილი ამბობს, შეეხება იმას, თუ რატომ არ აქვს დღემდე მუხთარლის ოჯახს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.

“ასევე, კითხვები წარმოიშვა ვიდეოჩანაწერებთან და მის ექსპერტიზასთან დაკავშირებით. იმაზე, თუ რატომ არ მოხდა დროებითი საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მეტ ნდობას გააჩენდა საზოგადოებაში; რატომ არ მოხდა დაშგინ აღალარლის დაკითხვა, როდესაც ის საუბრობდა მის მიმართ თვალთვალზე. ეს არის პიროვნება, რომელმაც თბილისში მუხთარლი ბოლოს ნახა”.

საქართველოს ხელისუფლების ერთწლიან დუმილზე საუბრობს, ასევე, ჟურნალისტი მაია მეცხვარიშვილი:

“ერთი წლის წინაც ჩვენ ყველანი სოლიდარობას ვუცხადებდით ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგას და ვაპროტესტებდით იმას, თუ როგორ გაიტაცეს ის დედაქალაქის ცენტრიდან. ამ შეკითხვაზე პასუხი დღესაც არ არის. შესაბამისად, ის მიზეზი, რისთვისაც ჩვენ ერთი წლის წინ ქუჩაში ვიდექით, კვლავაც რჩება, კვლავაც გადაუწყვეტელი და გამოუძიებელია.  ეს ადამიანი სრულიად უსამართლო სასჯელით იმყოფება დღეს აზერბაიჯანში, ციხეში.

საქართველოს ხელისუფლების უდიდესი სირცხვილია ეს ფაქტი და უფრი დიდი სირცხვილია ის, რომ ერთი წლის შემდეგაც არანაირი შედეგი და რეაგირება არ მოჰყოლია ამ ფაქტს. ის ფასადური ცვლილებები, რომელიც თავის დროზე სამინისტროში განხორციელდა კონკრეტული პირების გათავისუფლების სახით, არ ცვლის არსს და აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა ნება, ეს პროცესი გამოძიებულიყო. აჩვენებს იმას, რაზეც ბატონი მუხთარლი საუბრობს ,- რომ სწორედ ქართველი სამართალდამცველები იყვნენ ჩართული მისი გატაცების პროცესში. როგორც ჩანს, ეს მართლაც ასეა, სხვა შემთხვევაში სრულიად გაუგებარია ის, თუ რატომ არ ხდება ამ საკითხის გამოძიება ერთი წლის განმავლობაში”.

დღევანდელი აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე ხელმძღვანელი, ნათია კაციტაძე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს:

“ერთი წლის განმავლობაში გამოძიება მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს. მთელი რიგი პრობლემებია გამოძიების პროცესში. არსებობს კითხვის ნიშნები. ამ ხარვეზებიდან გამომდინარე, შეიძლება საქმე ვერ მივიდეს შედეგებამდე და გამოძიების შედეგების გარეშე დარჩეს, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა.

სწორედ ამიტომ ვითხოვთ, პარლამენტში გადაინაცვლოს პროცესმა და დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პარლამენტმა შეისწავლოს ამ ფაქტის გარშემო არსებული მოვლენები და ის, თუ რატომ არის ხარვეზები გამოძიებაში. მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე უარი თქვა პარლამენტმა ამ გამოძიების კომისიის შექმნაზე, ჩვენი მოთხოვნა არ შეჩერდება ამაზე. პროცესი ასევე, ევროპულ სასამართლოშია გადანაცვლებული და ამასაც სამართლებრივად თავისი შედეგები ექნება”.

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში 29.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში 29.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში 29.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში 29.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში 29.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში 29.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში 29.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე


აზერბაიჯანელი აქტივისტისა  და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებიდან 1 წელი გავიდა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. მუხთარლი დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებოდნენ, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აფგან მუხთარლი ბაქოში იყო დაკავებული, როგორც თავად ამბობდა, ქართველმა სამართალდამცავებმა მოიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.  აზერბაიჯანის გამოძიებამ აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენა, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

31 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქცია,  ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრების მიერ, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ თბილისიდან “გაუჩინარებულ” და ბაქოში დაპატიმრებულ აზერბაინაჯელ ჟურნალისტს.

1 ივნისს, თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ გაიმართა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი