პაატა ზაქარეიშვილი

ზაქარეიშვილი: სირიის გადაწყვეტილებით მოსკოვმა კოჭი გაუგორა აფხაზებსა და ოსებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ სირიის მთავრობამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარებით რუსეთის წინაშე ვალი მოიხადა.

მისი თქმით, მთავარი პირობა, რომელიც ასადის რეჟიმის შენარჩუნებაში მდგომარეობდა, მოსკოვმა შეასრულა, რის შემდეგაც  სირიას საპასუხო ნაბიჯი უნდა გადაედგა.

“რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა სირიისგან ამ ნაბიჯის გადადგმას. ჩასულებიც კი იყვნენ აფხაზეთიდან დელეგაციები. როცა მოსკოვში იმყოფებოდნენ ხოლმე სირიის მაღალი თანამდებობის პირები, აფხაზეთსა და ოსეთში მცხოვრები პოლიტიკოსებიც ხვდებოდნენ მას. შესაბამისად, დიდი ხანია მიდიოდა ეს ჭიდაობა სირიასთან, რათა ეს ტერიტორიები ეღიარებინა.

რატომ მაინცდამაინც ახლა? – რუსეთმა შეასრულა თავისი დანაპირები და გადაარჩინა რეჟიმი. დანარჩენი მსოფლიო ამის წინააღმდეგი იყო. არა მარტო რეჟიმი გადაარჩინა, არამედ მოახერხა, რუსი ჯარისკაცების მსხვერპლის ფასად სირიის სამხედრო ძალებს გაეწმინდათ კიდეც გარკვეული ტერიტორიები. ანუ, რუსეთის მხრიდან მკაფიო შედეგი დადგა და სირიას უჭირს უარის თქმა. მას ეს აქამდეც შეეძლო, თუმცა ჩანს, რომ სირია წვალობდა, ყოყმანობდა, წონიდა ამ საკითხს, რადგან დიდი ხანია, ეს დღის წესრიგში იდგა”, – აცხადებს ზაქარეიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, აღნიშნული აქტით მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებს აჩვენებს, რომ რუსეთი საკუთარ დანაპირებს ასრულებს. მისი თქმით, ეს იყო პასუხი სკეპტიციზმზე, რომელიც ბოლო დროს ოკუპირებული ტერიტორიების საზოგადოებებში მატულობს.

“ჩემი აზრით, ესაა კოჭის გაგორება [რუსეთის მხრიდან] აფხაზებისა და ოსებისათვის. ეს გადაწყვეტილება არის მხოლოდ მათთვის, სხვა მხრივ, რუსეთს ეს არაფერს აძლევს. ერთადერთი პლუსი არის ის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაწყებული გულის აცრუების საპასუხოდ, რომ საერთაშორისო აღიარება არ ჩანს და რუსეთი დანაპირებს ვერ ასრულებს, მოსკოვი ახლა იტყვის: აი, ხომ ხედავთ, მაინც ვზრუნავ თქვენზე”.

მისივე განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით სირიამ კიდევ უფრო გაიუარესა მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე, სადაც მსოფლიოს ქვეყნებს უწინდებურად თამამად ვეღარ მოსთხოვს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, საკითხზე აქტიურად უნდა იმუშაოს ქართულმა მხარემაც, რომელმაც, ერთი მხრივ, არაბულ ქვეყნებთან, მეორე მხრივ კი, გაეროსთან კომუნიკაცია უნდა უზრუნველყოს.

“არის უამრავი სახელმწიფო, რომელთაც სირიის მიმართ ინტერესები გააჩნიათ. ამ სახელმწიფოებს ხელი ეხსნებათ, რათა სირიას ჰკითხონ, რა მორალური უფლება აქვს, სხვას სთხოვოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, როცა სხვისას არღვევს?

ის, რომ სირია არაბული ქვეყანაა, ეს მნიშვნელოვანი რამ არის. არაბთა ლიგამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აუცილებლად. ჩვენმა ქვეყანამ თავისი დიპლომატიური არხებით უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია: იმუშაოს არაბულ ქვეყნებთან, რომელთაგან ბევრთან ვმეგობრობთ, და ასევე საჭიროა, გაერომ იმუშაოს ამ საკითხებზე.

ასევე, თუ სირიაში ომი დამთავრდა და მისი აღმშენებლობა დაიწყო, საჭიროა ყურადღება ინვესტიციების დაგეგმვის დროსაც. მაგალითად, აშშ-ის ბიუჯეტის კანონში მკაფიოდ წერია, რომ სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდბელობას, არ დაფინანსდებიან ამერიკისგან. არადა, ამ პროცესს ტრილიონები სჭირდება. ამ შემთხვევაში, შეიძლება გაჩნდეს პრობლემები იმ სახელმწიფოებთან, ვინც ინვესტიციას ჩადებს. ამ დროს უნდა იმუშაოს საქართველომ, რომ სირიას უკან წააღებინოს ეს აღიარება, რის შემდეგაც ინვესტიციებს განახორციელებენ ის ქვეყნებიც, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამო ამას არ აკეთებდნენ”, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.


სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა დღეს, 29 მაისს აღიარა.

როგორც სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება: სირიის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აგრესიის დროს მათი მხარდაჭერის გამო, სირიის არაბული რესპუბლიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან შეთანხმდა ურთიერთაღიარებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე საელჩოების დონეზე.

ფაქტს მალევე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

სირიის მიერ აფხაზეთის აღიარებაზე განცახდებები უკვე გამოაქვეყნეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების საგარეო უწყებებმა.

ამ დრომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ს ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

მოსკოვი სირიაში რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე ოპერირებს. მათ შორისაა რუსეთის საჰაერო ბაზა საპორტო ქალაქ ლატაკიაში და სამხედრო საზღვაო ობიექტი ქალაქ ტარტუსში.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან