ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რთულია, სირიის დღევანდელი ხელისუფლება ლეგიტიმურად მივიჩნიოთ – გიორგი სანიკიძე

29 მაისი, 2018 • 3653
რთულია, სირიის დღევანდელი ხელისუფლება ლეგიტიმურად მივიჩნიოთ – გიორგი სანიკიძე

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დასავლეთსა და რუსეთს შორის გამწვავებულ დაპირისპირებას უკავშირებს. მისი აზრით, რუსეთს სურს, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ასადის რეჟიმი სირიაში.

“…საერთო კონტექსტში, ალბათ, ეს არ არის მარტო სირიის ხელისუფლების გადაწყვეტილება და საერთო კონტექსტში ჯდება იმ გამძაფრებულ დაპირისპირებაში, რაც დღეს დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებობს. რუსეთს ნებისმიერ ფასად სურს შეინარჩუნოს სირიაში დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ მეორე საკითხი ის არის, რომ ძალიან რთულია, დღევანდელ სირიას სახელმწიფო უწოდო. ხელისუფლება ქვეყნის მხოლოდ მცირე ტერიტორიას აკონტროლებს. რამდენად შეიძლება, ეს ხელისუფლება დღეს ლეგიტიმურად მიიჩნეოდეს, სადავო საკითხია. სირია, როგორც სახელმწიფო, დღეს მხოლოდ ფორმალურად არსებობს”, – აღნიშნავს სანიკიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებისგან არ ელის. მისი თქმით, ირანიც, რომელიც რუსეთისა და ასადის მთავრობის მოკავშრედ მიიჩნევა, საქართველოს ტერიტოირულ მთლიანობას პატივს სცემს.

“…სირიას არაბულ სამყაროში მოკავშრეები არ ჰყავს. ერთადერთი სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში, რომელიც სირიაში არსებულ რეჟიმს უჭერს მხარს, ეს არის ირანი. მაგრამ ირანის სპეციფიკიდან გამომდინარე და ირანთან საქართველოს ურთიერთობიდან გამომდინარე, სრულიად გამოვრიცხავ იმას, რომ ირანმაც გადადგას ეს ნაბიჯი. პირიქით, ირანი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, – აცხადებს გიორგი სანიკიძე.

გიორგი სანიკიძის თქმით, ასადის მთავრობის ამ ქმედების შემდეგ საქართველოს მხარდაჭერა სირიასთან დაკავშირებით დასავლეთის პოლიტიკის მხრიდან კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

“ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ სირიელი ლტოლვილები არიან საქართველოში და ვიღაცამ ისიც დაწერა, გავყაროთო. ეს არის სისულელე. რა შუაში არიან ეს ადამიანები “კაციჭამია” ასადთან, რომელიც ტერორისტად არის აღიარებული მთელი მსოფლიოს მიერ, გარდა რუსეთისა და ირანისა?

ჩვენ გამოკვეთილი პოლიტიკა გვაქვს, რომ ყოველმხრივ დასავლეთს ვუჭერთ მხარს და ეს მხარდაჭერა კიდევ უნდა გაძლიერდეს სირიის საკითხთან დაკავშირებითაც. ერთადერთი რთული მომენტი არის ის, რომ მკაფიო, მიზანმიმართული პოლიტიკა ჯერჯერობით არ ჩანს დასავლეთში. ეს პრობლემატურია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით.

ფაქტია, რომ დღეს სირია, როგორც სახელმწიფო, არ არსებობს. არის მცირე ტერიტორიაზე გამაგრებული, მსოფლიოს მიერ აღიარებული ტერორისტული რეჟიმი ბაშარ ასადის მეთაურობით, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის თუ მსოფლიოსთვის არაფერს ცვლის და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სირია ამოვარდნილია საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან.“, – აცხადებს გიორგი სანიკიძე.


სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა დღეს, 29 მაისს აღიარა.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება: სირიის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აგრესიის დროს მათი მხარდაჭერის გამო, სირიის არაბული რესპუბლიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან შეთანხმდა ურთიერთაღიარებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე საელჩოების დონეზე.

ფაქტს მალევე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

სირიის მიერ აფხაზეთის აღიარებაზე განცახდებები უკვე გამოაქვეყნეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების საგარეო უწყებებმა.

ამ დრომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ს ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

მოსკოვი სირიაში რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე ოპერირებს. მათ შორისაა რუსეთის საჰაერო ბაზა საპორტო ქალაქ ლატაკიაში და სამხედრო საზღვაო ობიექტი ქალაქ ტარტუსში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი