მანქანას ლომბარდში ვერ დააგირავებთ – კიდევ რა იგეგმება სესხებთან დაკავშირებით

ფინანსთა სამინისტრო საფინანსო სექტორისთვის ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს. რეგულაციების შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 29 მაისს ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ახალი წესები მთელ ფინანსურ სექტორზე გავრცელდება. სამინისტროში ცვლილებებს საფინანსო სექტორში სამართლიანი წესების შემოღებითა და მომხმარებელთა უფლებების დაცვით ხსნიან.

სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, თანხის გადაუხდელობის გამო, მხოლოდ დაგირავებული ნივთი დაყადაღდება და ყადაღა სხვა ქონებაზე არ გავრცელდება. მინისტრის განცხადებით, მოქალაქეები უძრავ ქონებასა და ავტომობილებს მევახშეებთან და ლომბარდებში ვეღარ დააგირავებენ. შესაბამისად, ისინი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს ამ გზით ვეღარ მიიღებენ.

დაგეგმილი ცვლილებით, სესხის წლიურის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ნახევრდება. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ისეთი საპროცენტო განაკვეთია, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით. ცვლილებების დაწესების შემთხვევაში, ლომბარდები ვლდებული იქნებიან, ერთიან სისტემაში აღრიცხონ  დაგირავებული ნივთები. მინისტრის თქმით, სისტემის დასანერგად ლომბარდებს სამინისტრო გარკვეულ დროს მისცემს. ასევე, ვადის გადაცილების შემთხვევაში, ჯარიმის დაანგარიშებისას სესხის ნარჩენი თანხიდან  ჯარიმა დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

“თუ ადამიანმა 1000 ლარის სესხი აიღო, 800 ლარი გადაიხადა და დარჩენილ 200 ლარს ვეღარ იხდის, კრედიტორს უფლება არ აქვს, 300 ლარზე მეტი მოსთხოვოს მომხმარებელს,” – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

სამინისტროში ცვლილებებს საფინანსო სექტორში სამართლიანი წესების შემოღებითა და მომხმარებელთა უფლებების დაცვით ხსნიან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საფინანსო-საბანკო სფეროში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში კანონპროექტის სახით მალე შევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.