ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვი: სირიის მხრიდან ჩვენი აღიარება შეუქცევადი პროცესიის გაგრძელებაა

29 მაისი, 2018 • 1368
ბიბილოვი: სირიის მხრიდან ჩვენი აღიარება შეუქცევადი პროცესიის გაგრძელებაა

“სამხრეთ ოსეთის აღიარება სირიის მხრიდან – ეს არის იმ შეუქცევადი პროცესის გაგრძელება, რომელიც 2008 წელს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის ფედერაციის მიერ დაიწყო”, – ამბობს ანატოლი ბიბილოვი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი დღევანდელ მიმართვაში.

ის დარწმუნებულია, რომ “ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ქვეყანა გაითვალისწინებს იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბდა და სამხრეთ ოსეთსა და სირიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ორივე სახელმწიფოს ხალხისთვის სასარგებლო იქნება”.

ბიბილოვმა ასევე სირიის არაბული რესპუბლიკისა და პირადად ბაშარ ასადის მიმართ მადლობა გამოხატა სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის და მზაობა გამოხატა მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებისთვის.

სირიის არაბული რესპუბლიკის ცნობით, ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას იწყებს.

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს და შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო. ამის შესახებ დღეს გამართლ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილე დავით დონდუამ განაცხადა.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მოსკოვი არაერთგზის დაადანაშაულეს სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში სდებდა ბრალს. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას სწორედ რუსეთის ჩარევით არაერთხელ შეიცვალა ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ.

მოსკოვი სირიაში რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე ოპერირებს. მათ შორისაა რუსეთის საჰაერო ბაზა საპორტო ქალაქ ლატაკიაში და სამხედრო საზღვაო ობიექტი ქალაქ ტარტუსში.

მასალების გადაბეჭდვის წესი