ასადს არ უღირდა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა – დავით ბატაშვილი

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რონდელის ფონდის მკვლევარი დავით ბატაშვილი სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ასადის მთავრობაზე რუსეთის გაძლიერებული გავლენით ხსნის.

მისი ვარაუდით, რუსეთმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა ასადის რეჟიმის მასზე დამოკიდებულება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება მოსთხოვა.

“რუსეთის გავლენა ასადის რეჟიმზე ამ პერიოდში არ მცირდება. პირიქით, ის იზრდება იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ამჟამად სირიის შიგნით. დღეს ასადი თითქმის აღარ არის დამოუკიდებელი აქტორი. ის არის მთლიანად დამოკიდებული ირანსა და რუსეთზე. ირანს ამ საკითხზე ნეიტრალური პოზიცია ექნებოდა, რადგან დიდად არ აინტერესებს. რუსეთი კი თავის გავლენას, რომელიც აქვს, რადგან ასადის გადარჩენა არის, მათ შორის, რუსეთზე დამოკიდებული, იყენებდა იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. საბოლოო ჯამში, დიპლომატიური ბალანსი ისეთია, რომ ასადს გაცილებით სჭირდება რუსეთის კეთილგანწყობა, ვიდრე აღელვებს საქართველოსთან ურთიერთობა.

რუსეთის ამ ზეწოლის გარეშე ის ალბათ ამას არ გააკეთებდა, რაში სჭირდებოდა რომელიმე ქვეყანასთან დიპლომატიური ურთერთობების გაწყვეტა? თუმცა რუსული ზეწოლის შედეგად რომელიც, როგორც ჩანს, მიდიოდა მასზე, ასადს არ უღირდა რუსეთისთვის ამ საკითხში წინააღმდეგობის გაწევა და გადადგა ის ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც სთხოვდნენ”, – აცხადებს დავით ბატაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, გარდა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისა, ქართული მხარე უნდა დაინტერესდეს, ახორციელებს თუ არა რუსეთი ასადის მთავრობის დახმარების მიზნით ფრენებს საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით.

“ორი რაღაც შეგვიძლია ვთქვათ, რაც ახლავე გასაკეთებელია: ერთი არის დიპლომატიოური ურთიერთობის გაწყვეტა. ამაზე საუბარიც ზედმეტია, ავტომატურად უნდა მოხდეს. და მეორე: გასარკვევია, ხორციელდება თუ არა ისეთი ფრენები რუსეთსა და სირიას შორის, რომელთა მეშვეობით რუსეთი მხარს უჭერს ასადის რეჟიმს. მათ შორის ისეთი ფრენები, რომლითაც რუსეთს გადაჰყავს და გადმოჰყავს დაქირავებული მებრძოლები საქართველოს გავლით.

აპრილში დაიდო სააგენტო “როიტერის” გამოძიება ამ თემაზე, მას ახლდა რუკა, რომლის მიხედვით დადასტურდა, რომ ეს ფრენები გადის საქართველოს საჰაერო სივრცეზეც.

…თუ გაირკვა , რომ ეს ასეა, აქამდეც არ იყო სასურველი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ასადის რეჟიმმა ეს ნაბიჯი გადადგა, უკვე სრულიად დაუშვებელია, რომ ჩვენი საჰაერო სივრცის გავლით რუსეთი მას ეხმარებოდეს და თავის ინეტერესებს ახოერციელებდეს სირიაში”, – აცხადებს დავით ბატაშვილი.

 


სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა დღეს, 29 მაისს აღიარა.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება: სირიის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აგრესიის დროს მათი მხარდაჭერის გამო, სირიის არაბული რესპუბლიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან შეთანხმდა ურთიერთაღიარებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე საელჩოების დონეზე.

ფაქტს მალევე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

სირიის მიერ აფხაზეთის აღიარებაზე განცახდებები უკვე გამოაქვეყნეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების საგარეო უწყებებმა.

ამ დრომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ს ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

მოსკოვი სირიაში რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე ოპერირებს. მათ შორისაა რუსეთის საჰაერო ბაზა საპორტო ქალაქ ლატაკიაში და სამხედრო საზღვაო ობიექტი ქალაქ ტარტუსში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან