ახალი ამბები

რომან აბრამოვიჩი ისრაელის მოქალაქე გახდა – The Guardian

29 მაისი, 2018 • 3220
რომან აბრამოვიჩი ისრაელის მოქალაქე გახდა – The Guardian

“ჩელსის” მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა, რომელიც რამდენიმე კვირაა დიდი ბრიტანეთის ინვესტორის ვიზის განახლებას ცდილობდა, ისრაელის მოქალაქეობა მიიღო. The Guardian ისრაელის მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ებრაული წარმოშობის რუსი მილიარდერი მოქალაქეობის მისაღებად თელავივში ჩავიდა. BBC-ის ინფორმაციით, გასულ კვირას ბიზნესმენს  მოსკოვში, ისრაელის საელჩოში გასაუბრება ჰქონდა. აბრამოვიჩის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ ისრაელის მოქალაქების მიღების საკითხთან დაკავშირებით.

The Guardian-ის ინფორმაციით, ისრაელი მოქალაქეობას აძლევს ყველა ებრაელს, ვისაც სურვილი აქვს. ქვეყნის პასპორტის ასაღებად პირი ქვეყანაში უნდა ჩავიდეს. ისრაელის პასპორტის მქონე პირებს გაერთიანებულ სამეფოში ვიზის გარეშე შესვლის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ქვეყნაში უვიზოდ დარჩენა მხოლოდ მცირე ხნითაა შესაძლებელი. დიდ ბრიტანეთში მუშაობის უფლების მისაღებად ისრაელის მოქალაქემ სამუშაო ვიზაზე უნდა გააკეთოს განაცხადი.

გამოცემის თანახმად, ებრაული წარმოშობის რომან აბრამოვიჩი რეგულარულად ჩადის ისრაელში. რუსი ბიზნესმენი ქვეყანაში სხვადასხვა პროექტსაც აფინანსებს. BBC წერს, რომ რუსი ბიზნესმენის ბრიტანულ ვიზას ვადა რამდენიმე კვირის წინ გაუვიდა და ვიზის განახლების პროცესი ქვეყანამ გაუჭიანურა.

BBC-ის ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი ბრიტანეთში ინვესტორის ვიზის მფლობელი იყო. ინვესტორის ვიზა 2008 წლიდან არსებობს და მისი შექმნის მიზანი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა გახდა. ვიზის მისაღებად საჭიროა ბიზნესმენმა, სულ მცირე, 2 მლნ გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია განახორციელოს დიდ ბრიტანეთში. ინვესტიცია ბიზნესმენმა ან სახელმწიფო ობლიგაციებში უნდა ჩადოს, ან კომპანიის აქციების მფლობელი უნდა გახდეს, თუმცა არსებობს სხვა მოთხოვნებიც.

ვინ არის რომან აბრამოვიჩი?

BBC-ის თანახმად, რომან აბრამოვიჩმა ფული ნავთობის ბიზნესით 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთში იშოვა. ერთ დროს ის რუსი მაგნატის, ბორის ბერეზოვსკის პარტნიორი იყო. აბრამოვიჩს ასევე კავშირი ჰქონდა რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ ბორის ელცინთან. 2003 წელს რომან აბრამოვიჩმა კლუბი “ჩელსი” შეიძინა. ბიზნესმენი რუსეთში პოლიტიკურ თანამდებობასაც იკავდებდა. ის რვა წლის განმავლობაში ჩუკოტკის მმართველი იყო. BBC-ის თანახმად, რომან აბრამოვიჩი საკმაოდ ახლოსაა რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი