სირიამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა

სირიის არაბული რესპუბლიკის ცნობით, ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას იწყებს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება: სირიის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აგრესიის დროს მათი მხარდაჭერის გამო, სირიის არაბული რესპუბლიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან შეთანხმდა ურთიერთაღიარებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე საელჩოების დონეზე.

სირიის მიერ აფხაზეთის აღიარებაზე განცახდებები უკვე გამოაქვეყნეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების საგარეო უწყებებმა.

ამავე თემაზე გირჩევთ

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

ამ დრომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.

რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო tass-თან საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, სულ მცირე, ერთი ქვეყანა აღიარებს, თუმცა, მაშინ არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყანაზე იყო საუბარი. მისივე თქმით, როგორც კი მსგავსი ინფორმაცია საქართველოში აღწევს, მაშინვე იწყება ამ ქვეყნებზე ზეწოლა, მათ შორის აშშ-ს მხრიდან.

“ამიტომაც ჩვენ ცოტა სხვა გზა ვარჩიეთ ჩვენი ურთიერთობებისთვის – ფაქტებით ვიმუშავებთ”,- აცხადებდა რუსულ მედიასთან ბიბილოვი.

ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა/ Ibragim Chkadua

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ს ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

მოსკოვი სირიაში რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე ოპერირებს. მათ შორისაა რუსეთის საჰაერო ბაზა საპორტო ქალაქ ლატაკიაში და სამხედრო საზღვაო ობიექტი ქალაქ ტარტუსში.

ამავე თემაზე გირჩევთ

ასადის რეჟიმი რუსეთის მიერ არის მანიპულირებული – ჯანელიძე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი