ახალი ამბებისამართალი

პროკურატურის განმარტებები ხორავას ტრაგედიაზე და მოკლულის მამასთან შეხვედრის მზაობა

29 მაისი, 2018 • 2287
პროკურატურის განმარტებები ხორავას ტრაგედიაზე და მოკლულის მამასთან შეხვედრის მზაობა

პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციდან ორი დღის შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პროკურატურა ზაზა სარალიძეს სამუშაო შეხვედრას კიდევ ერთხელ სთავაზობს მის კითხვებზე პასუხების გასაცემად. მოკლული არასრულწლოვნის მამა ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ და რომლებმაც დანაშაულის დაფარვას შეუწყეს ხელი.

პროკურატურა გამოძიების შედეგებზე

პროკუტატურის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, მოქმედებს მთელი რიგი საკანონმდებლო შეზღუდვები ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები აღნიშნული ფაქტის გამოძიების ფარგლებში პირველივე დღიდან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდნენ ყველა იმ პირს, ვისაც აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდა: “სამწუხაროდ, საქმეზე დაკითხული ასზე მეტი მოქალაქიდან გამოძიებასთან რეალურად მხოლოდ რამდენიმე პირმა ითანამშრომლა.”

გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 1 დეკემბერს, დილით, თბილისის N51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში, მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება ხორავას ქუჩაზე გაგრძელდა და ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულებმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ და სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ დავით სარალიძე იყო სკოლის მოსწავლე და არასრულწლოვანი, ჯგუფურად, დანების გამოყენებით განზრახ მოკლეს იგი, ხოლო ლევან დადუნაშვილი ასევე მოკლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა გ.ბ-მ.

გ.ჯ-ს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ჯგუფურად), ხოლო გ.ბ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ე’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ).

აღნიშნულ საქმეზე, როგორც პროკურატურა აცხადებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, არასრულწლოვანი ბრალდებულების წინასწარი გამოძიების ეტაპზე პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალურ ვადაში, კერძოდ, 40 დღეში ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. კერძოდ, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, მოიპოვეს ნივთიერი მტკიცებულებები, დაიკითხა ასზე მეტი მოწმე, დაინიშნა და ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, ჩატარდა ყველა საჭირო სხვა მოქმედება.

ფაქტობრივი გარემოებები, პროკურატურის ვერსიით

პროკურატურის განცხადებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთები – ჯამში, 22 ობიექტი:

“მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ბრალდებულ გ.ჯ-ს შავტარიანი გასაშლელი დანა სისხლის ლაქებით. ხსენებულ დანაზე გამოძიების მიერ ჩატარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დანაზე აღმოჩნდა მოკლული დ.ს-ს და ბრალდებულ გ.ჯ-ს ბიოლოგიური მასალა (დნმ). უტყუარად დადგენილია, რომ ამ დანით ბრალდებულმა გ.ჯ-მ მოკლულ დ.ს.-ს რამოდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა.”

მთავარი პროკურატურის ცნობით, ასევე, ამოიღეს სამედიცინო მაკრატელი, თუმცა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ეს მაკრატელი ეკუთვნოდა შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელთაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე შესაბამისი დახმარების გაწევის შემდგომ:

“აღნიშნული გარემოება დადასტურდა შემთხვევის ადგილას მყოფი ექიმების ჩვენებით, რომელთა ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩატარებული ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედებით, მათ შორის მოწმეების დაკითხვით, სხვა მაკრატლის ან მსგავსი საგნის არსებობა არ დგინდება.”

პროკურატურის განცხადებით, შემთხვევის ადგილიდან ასევე აიღეს მოკლულების სისხლი, რომელთა განლაგებამ გამოძიებას მისცა შესაძლებლობა დაედგინა ჩადენილი მკვლელობების კონკრეტული ადგილი.

მთავარი პროუტარურა ყურადღებას ამახვილებს გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ მკვლელობის მეორე იარაღზე, ბრალდებულ გ.ბ-ს დანაზე.

“საქმის ერთ-ერთ მოწმესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად თბილისში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებთან არსებული სამალავიდან ამოღებული იქნა მოწმისთვის ბრალდებულ გ.ბ.-ს მიერ დასამალად გადაცემული, ხელსახოცში გადახვეული ვერცხლისფერი ფიქსატორიანი დანა. ხსენებულ დანაზე, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა მოკლული ლ.დ-სა და ბრალდებულ გ.ბ-ს ბიოლოგიური მასალა (დნმ), ხოლო ერთჯერად ხელსახოცზე, რომელშიც დანა იყო გადახვეული, აღმოჩნდა გარდაცვლილ დ.ს-ს ბიოლოგიური მასალა. უტყუარად დადგენილია, რომ ამ დანით ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს რამოდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა,” – აცხადებს პროკურატურა

მათი განცხადებით, საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ ნივთიერ მტკიცებულებებზე დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილ ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძეს მიყენებული დაზიანებები (ჭრილობები), თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომელთაც გააჩნიათ – ერთ მხარეზე ბლაგვი ყუა, ხოლო მეორე მხარეზე, ლესილი პირი. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული დასკვნა გამორიცხავს როგორც მაკრატლის, ასევე მსგავსი ბლაგვი ბოლოების მქონე საგნის გამოყენებას მკვლელობის იარაღად.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიებამ დაკითხა ასზე მეტი მოწმე:

“მათ შორის, უშუალოდ ინციდენტში მონაწილე, სკოლის 14 მოსწავლე – მოკლული ახალგაზრდების კლასელები და მეგობრები, რომელთაგანაც, სამწუხაროდ, ვერც ერთმა ვერ მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც აღნიშნულ ინციდენტში დანა ჰქონდათ, ანდა გამოიყენეს ის.”

გამოძიების ინფორმაციით, დაიკითხა ჩხუბში მონაწილე ბრალდებულების თანმხლები 4 არასრულწლოვანი, რომლებმაც რეალურად ითანამშრომლეს გამოძიებასთან,  მიაწოდეს ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც აღნიშნულ ინციდენტში დანა ჰქონდათ და გამოიყენეს. პროკურატურის განცხადებით, მათი აქტიური თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ცხელ კვალზე დანაშაულის გახსნა და მკვლელობის ჩამდენი დღევანდელი საქმის ბრალდებულების მხილება.

პროკურატურის განცხადებით, ორივე ბრალდებულმა წინასწარი გამოძიების ეტაპზე გამოიყენა დუმილის უფლება და არ მომხდარა მათი დაკითხვა:

“მათ სასამართლოს ჩვენება მხოლოდ მათი დაკავებიდან 6 თვის შემდეგ მისცეს, არსებითი განხილვის ბოლო ეტაპზე ამ ჩვენებების სანდოობას პროკურატურა შეაფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში. ასევე დაველოდებით სასამართლოს განაჩენს, სადაც უნდა მოხდეს ამ ჩვენებების შეფასება.”

დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის საქმე

რაც შეეხება დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის საქმეს, როგორც მთავარი პროკურატურა აცხადებს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი (3 ერთი ოჯახიდან). პროკურატურის განცხადებით, აქედან 3 პირს შეფარდებული აქვს პატიმრობა, ხოლო 2 პირს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება. ამავე დროს, საქმეზე გრძელდება გამოძიება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა მხილების მიზნით.

“ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ მედიასივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერები წარმოადგენს ზემოხსენებულ საქმეში გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალას, რომელიც მტკიცებულების სახით გადაცემულია დაცვის მხარისთვის და წარდგენილია სასამართლოში. შესაბამისად, სპეკულირებაა იმაზე საუბარი, რომ ხსენებულ ვიდეოჩანაწერებს მალავდა ბრალდების მხარე. ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულია პირი, რომელიც მოძრაობს ცელოფნის პარკით ხელში. გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი არის ლ.კ. , რომელიც შეეცადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის მტკიცებულებების განადგურებას. გამოძიებამ აღნიშნული მტკიცებულებები მოიპოვა და დღეს ისინი სასამართლოშია წარდგენილი, ხოლო ლ.კ. სხვა 4 პირთან ერთად ბრალდებულია დანაშაულის დაფარვისთვის,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

რაც შეეხება მირზა სუბელიანს, პროკურატურის განცხადებით, იგი 2017 წლის პირველ დეკემბერს ნამდვილად იმყოფებოდა პეკინის ქუჩაზე. გამოძიების ცნობით, ხსენებულ მისამართზე მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა, არასრულწლოვანი შვილის ნახვა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა:

“მან შემთხვევიდან 3 საათში მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და, როგორც კანონიერი წარმომადგენელი, საგამოძიებო მოქმედებას – დაკითხვას დაესწრო. ის ასევე თავის ნათესავებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც დადასტურებულია როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით.”

ამასთან, პროკურატურის განცხადებით, მირზა სუბელიანი საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა კადრების დეპარტამენტში და მას არანაირი შეხება არ ჰქონია საპროკურორო საქმიანობასთან, ხოლო ინციდენტიდან მალევე მან მიმართა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ.

პროკურატურა მოკლულის მამას კვლავ სამუშაო შეხვედრას სთავაზობს

პროკურატურა ირწმუნება, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზების დასკვნების და საქმეში მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ყველა იმ პირის მიმართ, რომელთა ქმედებებში შესაბამისი სტანდარტით გამოიკვეთა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოპოვებული მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ და აღსრულდეს მართლმსაჯულება.

მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ გამოძიების მთელი პროცესის განმავლობაში ბრალდების მხარეს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა დაზარალებულ მხარესთან და მათ ჰქონდათ სრული წვდომა საქმის მასალებთან. პროკურატურის განცხადებით, მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ კომუნიკაციას და თანამშრომლობას დაზარალებულებთან.

პრუკუტარუსის განცხადებით, არაერთხელ დააფიქსირეს მზაობა ყველა ის საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად, რომელსაც დაზარალებულები მიიჩნევდნენ მნიშვნელოვნად და ეს შეთავაზება დღესაც ძალაშია:

“ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დაზარალებულ მხარესთან ურთიერთობა და როდესაც ვისმენთ კითხვებს გამოძიების მიმართ, ვფიქრობთ, თანამშრომლობის ხარისხი კიდევ უნდა გაძლიერდეს და ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. აღნიშნულში ვგულისხმობთ სამუშაო შეხვედრების გამართვას მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების, დაზარალებულების და მათი ადვოკატების მონაწილეობით, რა დროსაც მოხდება მათ კითხვებზე პასუხების გაცემა, მათი წინადადებების განხილვა, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების დეტალური ანალიზი და კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯების დაგეგმვა საჭიროებიდან გამომდინარე.”

როგოროც პროკურატურა აცხადებს, მნიშვნელოვანია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული კითხვები არ დარჩეს პასუხგაუცემელი. მათი განცხადებით, შეთავაზებული თანამშრომლობის ფორმატი სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. პროკურატურა იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში შედგება აღნიშნული სამუშაო შეხვედრა.

27 მაისს რუსთაველის გამზირზე გაიმართა აქცია #ნუმომკლავ. პარლამენტის წინ იმყოფებოდნენ საზოაგადოების სხვადასხვა ჯგუფების წევრები, პოლიტიკოსები, აქტივისტები და ა.შ. მოკლული დავით სარალიძის მამას სოლიდარობას უცხადებდნენ ის ახალგაზრდებიც, რომლებიც მაისის შუა რიცხვებში ამავე ადგილას მკაცრს ნარკოპოლიტიკას და კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებდნენ.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ თუ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი არ გამოაშკარავდება და ყველა დამნაშავე არ დაისჯება, უფრო მასშტაბური აქციებით გააგრძელებს პროტესტს.

აქცია “ნუ მოკლავ” დღეს დასრულდა, თუმცა “უფრო მასშტაბურად გაგრძელდება”

მასალების გადაბეჭდვის წესი