ახალი ამბები

ხოშტარია: ხელისუფლება მუხთარლის საქმეზე პასუხისმგებლობას არ იღებს

29 მაისი, 2018 • 1713
ხოშტარია: ხელისუფლება მუხთარლის საქმეზე პასუხისმგებლობას არ იღებს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ჟურნალისტის თბილისიდან გაუჩინარების ერთი წლისთავზე პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კვლავ დააყენებს.

„ერთი წელია გასული მას შემდეგ, რაც ჩვენი ქალაქიდან გაუჩინარდა ადამიანი და აღმოჩნდა სხვა ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივუბრუნდებით საგამოძიებო კომისიის საკითხს იმიტომ, რომ არ არსებობს არგუმენტი, რატომ არ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, თუმცა ძალიან კარგად ჩანს, რომ ხელისუფლება ასეთი სერიოზულ სკანდალის გარშემო არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს,“- აცხადებს ელენე ხოშტარია.


აზერბაიჯანელი აქტივისტისა  და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებიდან 1 წელი გავიდა.

უკანასკნელად ის 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. მუხთარლი დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებოდნენ, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აფგან მუხთარლი ბაქოში იყო დაკავებული, როგორც თავად ამბობდა, ქართველმა სამართალდამცავებმა მოიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.  აზერბაიჯანის გამოძიებამ აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენა, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

31 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქცია,  ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრების მიერ, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ თბილისიდან “გაუჩინარებულ” და ბაქოში დაპატიმრებულ აზერბაინაჯელ ჟურნალისტს.

1 ივნისს, თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ გაიმართა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი