ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე 38 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის 6 კმ. გზა და 2 ხიდია აშენებული. გარდა ამისა, მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა და არსებული ხიდების რეაბილიტაცია. ახალი გზა შეამოკლებს და უფრო უსაფრთხოს გახდის გზას თელავიდან-თბილისამდე, რომელიც ამჟამად არის ვიწრო და გადის ვაზიანი-ბაკურციხე-გურჯაანის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე.
როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე- ლაგოდეხის გზას დააკავშირებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზასთან. ამ მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქ. გურჯაანსა და სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.
პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია. სამუშაოზე 100 ადამიანია დასაქმებული.