ახალი ამბებისამართალი

“იძულებით ამოვიღეთ დნმ-ის ნიმუში” – შსს პატიმრის გავრცელებულ ვიდეოზე

29 მაისი, 2018 • 3205
“იძულებით ამოვიღეთ დნმ-ის ნიმუში” – შსს პატიმრის გავრცელებულ ვიდეოზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო 29 მაისს დილითვე გამოეხმაურა ღამით გავრცელებულ კადრებს პატიმრის შესახებ და განაცხადა, რომ პატიმრიდან დნმ-ის ნიმუში სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძულებით აიღეს და კადრებზე სწორედ ეს არის ასახული.

ვიდეომასალაში, რომელიც 29 მაისის ღამეს მე-12 არხმა გადასცა ეთერში და შემდეგ სოციალურ მედიაში ათასობით ადამიანმა ვირუსულად გაავრცელა, ასახულია პატიმარი, რომელიც ყვირის. ის გაკავებული ჰყავთ პოლიციელებს, ხოლო მამაკაცი სამედიცინო პირბადით, ხელთათმანებით და ქილით მას უახლოვედება სავარაუდოდ სამედიცინო მანიპულაციისთვის.

მე-12 არხის წამყვანმა ეს კადრები 2012 წელს გავრცელებულ პატიმრების წამების კადრებს შეადარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე ვიდეოკადრებთან დაკავშიებით განაცხადა, რომ  “ბრალდებულ ნ.გ-სგან, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 17 მაისს იძულებით იქნა აღებული დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუში”.

მისი განმარტებით, საპროცესო მოქმედების მიმდინარეობა საგამოძიებო ორგანოს მიერ დაფიქსირდა ვიდეო-საშუალებით, რომლის ჩანაწერიც მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და კანონის მოთხოვნათა დაცვით გამომძიებლის მიერ გადაეცა ბრალდებულის ადვოკატს.

შსს განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას გამოიყენეს მოსამართლის განჩინებით ნებადართული იძულების ის ზომა, რაც აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად და მისგან ოფლისა და ნერწყვის ნიმუშების ასაღებად.

შსს-ს ცნობით, პირი, რომლის ვიდეოც გავრცელდა, 2018 წლის 13 თებერვალს ჯგუფურად თავს დაესხა ორ მოქალაქეს მათსავე საცხოვრებელ ბინაში, წებოვანი ლენტისა და ერთჯერადი ხელბორკილის გამოყენებით თავისუფლება აღუკვეთა დაზარალებულებს, ფიზიკურად იძალადა მათზე – ერთ-ერთ დაზარალებულს მუცლის არეში ცივი იარაღით ჭრილობა, ხოლო მეორეს – სახის არეში დაზიანებები მიაყენა, გაიტაცა ოქროს სამკაულები და ავტომანქანა.

“ბრალდებული დაზარალებულებმა ამოიცნეს. ნ.გ-მ უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, რის გამოც ამოცნობები ფოტოსურათით ჩატარდა. ბრალდებულმა ასევე უარი განაცხადა მისგან დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუშის აღებაზე, რის გამოც პროკურორმა მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით ნიმუშის იძულებით აღების მიზნით განჩინების გაცემის თაობაზე”, -აცხადებს ბორცვაძე და დასძენს:

“ნიმუშის აღება სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებაა, რომლის ჩატარების უფლებამოსილება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, გააჩნია საგამოძიებო ორგანოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ნიმუშის იძულებით აღების შესაძლებლობას სასამართლოს განჩინებით, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე. ამასთან, კანონი იძლევა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით იძულების პროპორციული ზომების გამოყენების შესაძლებლობას” .

შსს-ს ცნობით, დნმ-ის (ოფლის და ნერწყვის) ნიმუში იძულებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქ. ქუთაისის N2 საპყრობილეში აიღეს.

პატიმარს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა) დარღვევაში.

წინასასამართლო სხდომა, რომელზეც მოსამართლე იმსჯელებს ნიმუშის აღების ოქმის და საპროცესო მოქმედების შედეგების, ისევე როგორც სხვა მტკიცებულებების დასაშვებობაზე, 29 მაისს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი