ახალი ამბები

EMC: ამირან კვირიკაშილის ოჯახს სოციალურ დახმარებაზე სახელმწიფომ კვლავ უარი უთხრა

28 მაისი, 2018 • 2241
EMC: ამირან კვირიკაშილის ოჯახს სოციალურ დახმარებაზე სახელმწიფომ კვლავ უარი უთხრა

ამირან კვირიკავშილის ოჯახს, რომელმაც 7 თვის წინ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით დახმარებაზე კვლავ უარი უთხრეს. ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებათა სწავლების ცენტრი (EMC) ავრცელებს.

“ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობა კვირიკაშვილების ოჯახისათვის საარსებო შემწეობის გადახედვის და საბოლოო ჯამში, შეწყვეტის საფუძველი გახდა. ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე კვირიკაშვილების ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 44 950-ს შეადგენდა.  ამის საფუძველზე ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას 310 ლარის ოდენობით. დემოგრაფიული ცვლილების გამო (ოჯახის წევრის გარდაცვალება), ოჯახის შემოწმების შემდგომ ყოველგვარი მნიშვნელოვანი და არსებითი ეკონომიკური გაუმჯობესების გარეშე, მათი სარეიტინგო ქულა 70 360 ქულით განისაზღვრა, რაც გახდა ოჯახის საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველი. ოჯახს შეუნარჩუნდა მხოლოდ 10-ლარიანი ყოველთვიური შემწეობა, არასრულწლოვანი წევრის სოციალური დაცვის მიზნით,”- წერია EMC-ს განცხადებაში.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, იმის შემდეგ, რაც კვირიკაშვილების ოჯახი 70 360 ქულით განსაზღვრეს,  EMC-მ გაასაჩივრა, რის შედეგადაც სოციალურმა სააგენტომ ოჯახის სოციალური მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეამოწმა.

“მიუხედავად იმისა, რომ ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ფაქტობრივად უცვლელია, 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 109 960 ქულით შეფასდა, რაც ოჯახისათვის არათუ საარსებო შემწეობის დანიშვნის, არამედ მხარდაჭერის მიზნით გასაცემი 10 ლარის შეწყვეტის საფუძველიც კი გახდა. ამდენად, დღეს კვირიკაშვილების ოჯახი, რომელიც არასრულწლოვანთან ერთად, უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს, დარჩენილია ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე სახელმწიფოს მხრიდან,” – ნათქვამია ორგანიზაციის წერილში.

EMC-ის განცხადების მიხედვით,არსებული სამართლებრივი მოწესრიგების პირობებში, ოჯახის საარსებო შემწეობის დანიშვნის საჭიროების განსაზღვრა და სარეიტინგო ქულის გამოთვლა ხდება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიის საფუძველზე, დადგენილი ფორმულის მიხედვით. თუმცა პრობლემურია, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმებისა და მისთვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრის კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას პრაქტიკულად მოკლებულია სასამართლო ხელისუფლება.

გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტო საარსებო შემწეობის დანიშვნის გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა გამოანგარიშებული ქულის უტყუარობის პრეზუმფციას, ორგანო არ ასაბუთებს და ვერ ხსნის, რატომ მიენიჭა კონკრეტული ქულა შეფასებულ ოჯახს. ავტომატურად დაანაგრიშებული ქულა კი სოციალური დახმარების მინიჭებაზე სამართლებრივი გადაწყვეტილების ერთადერთი საფუძველია. სასამართლო მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას, შეაფასოს გამოთვლილი ქულის კანონიერება, რაც ჯეროვანი და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის მთავარი დამაბრკოლებელი ბარიერია.

ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება 2017 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა მომხდარში პოლიციის თანამშრომლები დაადანაშაულეს, გამოძიება 9 ნოემბერს პროკურატურამ გადაიბარა.

ოჯახის წევრების განცხადებით, ამირან კვირიკაშვილი რამდენჯერმე დაიბარეს პოლიციაში და მას ემუქრებოდნენ, რის გამოც ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ ან თავი უნდა მოეკლა, ან პოლიციელები. საბოლოოდ, კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა  სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოსაც, რათა გაერკვია, რა მიზეზით მოუხსნეს სოციალური დახმარება კვირიკაშვილების ოჯახს, უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე ნეტგაზეთი განმარტებას შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი