ახალი ამბები

ქუმსიშვილი: ტურიზმმა შარშან ჩვენს ეკონომიკაში 2,7 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააგენერირა

28 მაისი, 2018 • 1444
ქუმსიშვილი: ტურიზმმა შარშან ჩვენს ეკონომიკაში 2,7 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააგენერირა

„ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი სექტორი, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში რამდენიმე ათეულ ათას სამუშაო ადგილს ქმნის, პირდაპირ და არაპირდაპირ ჩვენ ვითვლით 180 ათასამდე სამუშაო ადგილს. შარშან ტურიზმმა ჩვენს ეკონომიკაში 2,7 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააგენერირა,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ტურიზმის სექტორში მომუშავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართა და მას ყველა იმ სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირი დაესწრო, ვინც საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. მათ გააკეთეს პრეზენტაციები საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წინაშე. ასევე განიხილეს ყველა ის პროექტი, რომლებიც დონორთა დახმარებით საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ხორციელდება.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ დონორ ორგანიზაციებს გავაცნოთ ის საჭიროებები და პროექტები, რომლებიც ტურიზმის სექტორში გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული საჭიროებები როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნიკური დახმარების მიმართულებით. შეხვედრის მთავარი ამოცანაა, დონორებს გავაცნოთ ჩვენი საჭიროებები, ასევე მოვისმინოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც დონორ ორგანიზაციებს გააჩნიათ, და სურვილები ტურიზმის სექტორში დახმარების მიმართულებით,“ – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას ასევე დაესწრნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გერმანიის განვითარების სახელმწიფო ბანკის (KfW), მსოფლიო ბანკის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აგრეთვე ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის, კავკასიის ბუნების ფონდის, ჩეხეთის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, აგრეთვე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი