ახალი ამბები

ფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შეკრება-მანიფესტაცია ეკრძალებათ

28 მაისი, 2018 • 15616
ფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შეკრება-მანიფესტაცია ეკრძალებათ

ახალი კანონპროექტით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოსამსახურეებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ აქვთ.

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ მოქმედ კანონში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ ვრცელდება შეიარაღებული ძალების, შეიარაღებული სამართალდამცავი ორგანოების, სპეციალური და გასამხედროებული დაწესებულებების მოსამსახურეებზე. ახალი კანონპროექტი კი იმ პირთა წრეს აფართოებს, რომლებსაც შეკრების და მანიფესტაციის უფლება არ ექნებათ.

კანონპროექტის თანახმად, ასეთი პირები იქნებიან:

[checklist]

  • პროკურატურის მუშაკი;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსამსახურე;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის
    თანამშრომელი;
  • საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე;
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე;
  • საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე;
  • საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;
  • საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური
    პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე;
  • საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო
    დეპარტამენტის თანამშრომელი;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე;
  • საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე
    ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე.

[/checklist]

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტი მიზaნია “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი შესაბამისობაში მოვიდეს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან. თუ აღნიშნლი კანონპროექტი კანონად იქცევა და მას ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების თანამშრომლები დაარღვევენ, მათ მიმართ დადგება დისციპლინური პასუხისმგებლობა, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლებაც. ამ პირების სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებას არ მოუწევს მათზე ხელფასის გაცემა, ხოლო ეს პირები ვერ მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გაუმართლებლად ფართოა იმ პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების აკრძალვა იმ პირობებში, როდესაც ცალსახად არ დგინდება  მათი უშუალო პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ კანონის მოქმედი რედაქციაც კი პრობლემურია, არათუ მისი გამკაცრებული ვარიანტი.

“[მოქმედი რედაქცია]  არაერთხელ  გამხდარა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მწვავე კრიტიკის საგანი.   ვენეციის კომისია განმარტავს, რომ მართალია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–11 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებაზე”კანონიერი შეზღუდვების“ დაწესების შესაძლებლობას.

მიუხედავად ამისა, ეს შეზღუდვები უნდა დაწესდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და პროპორციულობის პრინციპის დაცვით.  უფრო მეტიც, ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივ სახელმძღვანელო პრინციპებში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობით არ უნდა შეიზღუდოს პოლიციის ან სამხედრო პერსონალის შეკრების თავისუფლება, თუ შეზღუდვის მიზეზები პირდაპირ არ უკავშირდება მათ სამსახურებრივ მოვალეობებს და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია პროფესიული მოვალეობის გათვალისწინებით” – ნათქვამია ომბუდსმენის განცადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის მოსაზრებები და გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ცვლილებების საკანონმდებლო განხილვის შემდგომ პროცესში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი