ახალი ამბებიეკონომიკა

სააკაშვილის გეგმები ბლოკჩეინზე

28 მაისი, 2018 • 2213
სააკაშვილის გეგმები ბლოკჩეინზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ბიზნესის ურთიერთდაკრედიტებისთვის გამოიყენებს, რაც “ხორცმეტ” და “მევახშ” საბანკო შუამავლის სისტემას გვერდზე გაწევს. ამის შესახებ სააკაშვილმა რ2-ის გადაცემა კვირის აქცენტებში ისაუბრა, სადაც საბანკო სისტემას აკრიტიკებდა.

გადაცემის წამყვანის, ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, თუ რატომ აკრიტიკებს ის საბანკო სისტემას დღეს, როდესაც ეს სეგმენტი მისი პრეზიდენტობის დროსაც ყველაზე ძლიერი იყო ეკონომიკაში, სააკაშვილი ამბობს:

“ციფრების ენით, 2012 წლის შემდეგ ბანკების კაპიტალიზაცია გაიზარდა სამჯერ. ეს თავისთავად არ იქნებოდა პრობლემა, საქართველოს ეკონომიკაც რომ სამჯერ გაზრდილიყო, ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. ახლა ეკონომიკა არ გაზრდილა, მაგრამ ბანკების მიმოქცევის მოცულობა გაიზარდა სამჯერ, ხოლო სუფთა მოგება 2012 წლის შემდეგ გაიზარდა ზუსტად რვაჯერ. ეს იმდენად არარეალური ციფრია. ეს არის ის, რომ ბანკების მონოპოლიზაცია მოხდა”, – ამბობს სააკაშვილი.

“ვაპირებ წესრიგის დამყარებას. უნდა აიკრძალოს ბანკის არაპროფილურ ბიზნესებში მონაწილეობა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საბანკო განაკვეთმა დაიწიოს და რის ხარჯზე? ზემოგებების აკრძალვის ხარჯზე. დიახ, უნდა დაწესდეს ხელფასების ზედა ზღვრები [საბანკო სისტემაში], დიახ, საგადასახადო სისტემის მეშვეობით ზემოგებები უნდა გაკონტროლდეს და ეს უნდა აისახოს ხალხის საბანკო [საპროცენტო] განაკვეთებზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სისტემის გამჭვირვალობა, კონკურენცია, როცა ერთ ხელშია [სისტემა], ამის გაკონტროლება შეუძლებელია. როცა იქნება დიდი კონკურენცია,  საერთაშორისო კაპიტალი, როცა ქართული მრავალი სუბიექტი იქნება და არა 3 [ბანკი], როგორც ახლაა, როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესი ერთმანეთს დააკრედიტებენ და ეს შესაძლებელია პირდაპირი დაკრედიტირების გზით. სხვათა შორის, თუ ახალ ტექნოლოგიებს ვიყენებთ, ბლოკჩეინი ბიტკოინებისთვის კი არ უნდა გამოვიყენოთ, ეს არის ბიზნესების ურთიერთდაკრედიტება, ამაზე მე ჩემი სქემა მაქვს ძალიან ადვილი, რომელიც საბანკო სისტემას საერთოდ გვერდზე გაწევს და ბიზნესები საბანკო შუამავალის ამ ხორცმეტის, ამ მევახშის გარეშე დააკრედიტებენ [ერთმანეთს] და სახელმწიფოც მონაწილეობას მიიღებს ამ დაკრედიტებაში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი