ახალი ამბები

მალხაზ მაჩალიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის აქციას უერთდება

27 მაისი, 2018 • 3054
მალხაზ მაჩალიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის აქციას უერთდება

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის აქციას შეუერთდება.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა,  აქციას მის გარდა პანკისის ხეობის რამდენიმე მცხოვრები შეუერთდება.

“იქაც უსამართლობას ვხედავ, ამ უსამართლობით ვარ განწირული და იმ ადამიანშიც იმავეს ვხედავ, განწირულია ის ადამიანიც და მინდა გვერდით დავუდგე”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღეს, 19 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძე აქციას გამართავს. სარალიძე შვილის მკვლელობის სრულყოფილად გამოძიებას მოითხოვს.

  • 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
  • ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვნებს შორის დანაშაულების პრევენციისთვის.
  • 3 დეკემბერს, 51-ე სკოლასთან არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა. მოქალაქეები მეორე დღეა 51-ე სკოლასთან მიდიან – ისინი მოკლული ბავშვების ხსოვნას ყვავილებითა და სანთლებით სცემენ პატივს.
  • საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამაა, 3 დეკემბერს საგამოძიებო უწყებას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. პროკურატურამ მისი მოთხოვნა 4 დეკემბერს დააკმაყოფილა და გაათავისუფლა სამსახურიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი