ახალი ამბები

ივანიშვილი: 100 წლის წინ ევრაზიაში დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა უიშვიათესი მოვლენა იყო

27 მაისი, 2018 • 2741
ივანიშვილი: 100 წლის წინ ევრაზიაში დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა უიშვიათესი მოვლენა იყო

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 100 წლის წინ ევრაზიულ სივრცეში დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა იშვიათობა იყო.

“მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ 100 წლის წინ, როდესაც ქართული რესპუბლიკა დაფუძნდა იმ უზარმაზარ სივრცეში, რასაც ევრაზია ჰქვია, უიშვიათესი მოვლენა იყო დემოკრატიულ საფუძვლებზე დაფუძნებული სახელმწიფოების რაოდენობა.

ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა ყველაზე პროგრესულ და ხალხის სამსახურში მყოფი სახელმწიფოების რანგში შეიძლება მოვიხსენიოთ. ეს არ იყო შემთხვევითი, რამეთუ ქართული რესპუბლიკა დაფუძნდა და მემკვიდრე იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოსი. მსოფლიო ცივილიზაციის გარიჟრაჟზე არსებობდა კოლხეთი, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო, სადაც ეგულებოდათ ოქროს საწმისი, ცოდნისა და სიბრძნის სიმბოლო, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოების ღირსეულ რიგში ჩადგეს და ჩვენს უზარმაზარ, ოცდაათ საუკუნოვან სახელმწიფოებრივ ტრადიციას და კულტურას შესატყვისი პატივი მივაგოთ. კიდევ ერთჯერ ვულოცავ მთელ საქართველოს დღევანდელ დღესასწაულს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ეს სიტყვები ქართული ოცნების თავმჯმდომარემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე თქვა. 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი