მარგველაშვილი: განსხვავებულები ვქმნით ერთ ძლიერ სახელმწიფოს

მას შემდეგ, რაც დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ასეულობით სამხედრომ ფიცი დადო, თავისუფლების მოედანზე აღმართული სცენიდან მოქალაქეებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა.

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მთავარი აქცენტი გააკეთა საქართველოში მცხოვრები ადამიანების მრავალფეროვნებაზე, ყველა უმცირესობას, ოპოზიციურ პარტიებს, ეკლესიას, ასევე, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავი.

გთავაზობთ მარგველაშვილის სიტყვას უცვლელად:

“თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. გილოცავთ თქვენ, შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებო, გილოცავთ იმიტომ, რომ ჩენი წინაპრების მახვილი და დროშა არასდროს დაგიწევიათ და დღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. პატივს მივაგებ თქვენს თანამებრძოლებს, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენს სამშობლოს შესწირეს.

ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს იმიტომ, რომ საქართველოს გამთლიანება მათთან ერთად მოხდება და იმიტომ, რომ 91 წელს, როდესაც თავისუფლებას აღვადგენდით , იმ რეფერენდუმში ჩვენ ერთად ვიდექით, რომელმაც საქართველოს უთხრა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა.

თქვენი უწმინდესობავ, ქართულ ეკლესიას ვულოცავ თქვენთან ერთად იმიტომ, რომ საუკუნეების განმავლობაში სწორედ ეკლესიის სიმტკიცე გვაძლევდა ჩვენ და ჩვენს წინაპრებს უნარს, შეგვენარჩუნებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ვულოცავ უკლებლივ ყველა უმცირესობის წარმომადგენელს, რადგან განსაკუთრებულობა ქართული სახელმწიფოსი სწორედ ჩვენს მრავალფეროვნებაშია და იმის აღიარებაშია, რომ განსხვავებულები ვქმნით ერთ ძლიერ სახელმწიფოს.

ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენი დიასპორის წარმოამდგენლებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისინი ჩვენთან ერთად ზეიმობენ. მათი წინაპრების ღვაწლმა მოიყვანა ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე და ის პირველი დამოუკიდებლობაც მათმა წინაპრებმა გამოაცხადეს.

დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენი კულტურის, სპორტის, მეცნიერების წარმომადგენლებს. მათი გამარჯვებები ჩვენ ამ ამ კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიზეიმეთ. დღევანდელ დღეს ვულოცავ იმ ქართულ ოჯახებს, რომლებიც რთულ ვითარებაში არ შედრკნენ და ამ ქვეყნის ყველა სირთულე თავის თავზე გადაიტანეს და საკუთარი ოჯახების გაძლიერებით აძლიერებენ ჩვენს სამშობლოს.

დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს მეგობრებს და მადლობას ვუხდი მათ იმისთვის, რომ ისინი ჩვენთან ერთად დგანან და იმისთვის, რომ ამ რთულ ვითარებაში ისინი ამტკიცებენ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები, რაც დღეს საქართველოში არის, აქამდე არ ყოფილა და ეს იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ მიზნამდე, ჩვენს ნატოში და ევროკავშირში წევრობამდე მიგვიყვანს.

დღევანდელ დღეს გილოცავთ ბატონო პრემიერო თქვენ, მთავრობას და მმართველ პარტიას. დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოებრივ გაერთაინებას იმიტომ, რომ ჩვენს დემოკრატიას სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის. ჩვენ ამ სიძლიერით ვაძლიერებთ დემორკატიულ საქართველოს და მე მინდა მასმედიას მივულოცო დღევანდელი დღე იმიტომ, რომ დემოკრატია თქვენი თავისუფლების გარეშე ვერ შედგებოდა. სრულიად საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს.

დღეიდან ჩვენ გადავაბიჯებთ ახალ ასწლეულში ჩვენი რესპუბლიკისა და მომავალ წელს გავივლით ისევე იმ პრინციპებითა და ღირებულებებით, რაც ჩვენს წინაპრებს გაუვლიათ. აქ მიზანი ნათლია: ჩვენ უნდა შევინარჩნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენ უნდა შევქმნათ ქვეყანა თავისუფალი, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეების მრავალმხრივი ნიჭის განვითარება გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ისევე მისცემს მომავალ თაობებს მიღწევებს ისევე, როგორც ჩვენს წინაპრებს მიუციათ მთელი კაცობრიობისათვის. დღევანდეი მდგრადობა და ერთოაბ ჩვენი ერისა მე ნათლად მაჩვენებს იმას, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას და ჩვენს მეგობრებთან ერთად ჩვენ ამიერიდან მხოლოდ გამარჯვების გზით ვივლით. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.