ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოში ენერგორესურსების ტრანზიტის დიდი შესაძლებლობებია [ვიდეო]

26 სექტემბერი, 2015 • 1335
პრემიერი: საქართველოში ენერგორესურსების ტრანზიტის დიდი შესაძლებლობებია [ვიდეო]

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მდგრადი განვითარება არის მომავლის გზა, რომელიც გვთავაზობს ეკონომიკური ზრდის, სოციალური სამართლიანობის, გარემოს დაცვისა და მტკიცე მმართველობის გეგმას:

 

“საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თავის პარტნიორებთან, რათა მივაღწიოთ ამ მიზანს 2015 წლის შემდგომი განვითარების ამბიციური და ყოვლისმომცველი დღის წესრიგის მეშვეობით.”

 

მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ისაუბრა ოთხ მიზანზე: ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, ყველასთვის ხელმისაწვდომი, თანამედროვე ენერგორესურსების მიწოდება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

 

ღარიბაშვილის თქმით, ყველა ასაკის ადამიანისთვის ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

“საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველოს მთავრობა ახორციელებს C ჰეპატიტის აღმოფხვრის უპრეცედენტო პროგრამას. პაციენტებს უტარდებათ აუცილებელი ტესტები წინასწარი დიაგნოზისა და მკურნალობის მონიტორინგის მიზნით, ასევე გამოიყენება უახლესი მედიკამენტები ამ დაავადების სამკურნალოდ. დედებისა და ბავშვების ჯანდაცვის მზარდ დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან და ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედებსა და ბავშვებს შორის სიკვდილიანობის დონის შემცირებისთვის. საქართველომ შეასრულა ათასწლეულის განვითარების მეოთხე მიზნის მოთხოვნები – ჩვილთა და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობამ დაიკლო ათი და თორმეტი პუნქტით ყოველ ათასზე,” – განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ელექტროენერგიის სექტორში განხორციელდა ძირეული ცვლილებები, რომელთა მიზანიც ღია, ლიბერალური და კომერციულად სიცოცხლისუნარიანი ენერგეტიკის სექტორის შექმნაა.

 

“ჩვენი ინტენსიური რეფორმების შედეგად, 2007 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის სექტორიდან გატანილი ექსპორტის ოდენობა აღემატება შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ენერგორესურსების ოდენობას. თავისი უნიკალური მდებარეობის წყალობით, საქართველოში არსებობს დიდი შესაძლებლობები ენერგორესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გზას უხსნის საქართველოს ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობისკენ და შესაბამისი მოლაპარაკებების დასრულებისკენ 2016 წლის სექტემბრისთვის,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეცხრე მიზანს, რომელიც ეხება მტკიცე ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ინკლუზიურ და მდგრად ინდუსტრიალიზაციასა და ინოვაციების ხელშეწყობას.

 

“მცირე და საშუალო სასოფლო-სამეურნეო და სხვა ტიპის ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ განვახორციელეთ პროექტები, რომელთა მიზანია სოფლად სამუშაო ადგილების შექმნა, მიწით სარგებლობის ეფექტიანობის გაზრდა და მიწების კონსოლიდაცია, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება,” – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

 

გაეროს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა მდგრადი განვითარებისთვის მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, გამჭვირვალობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საჯარო ინსტიტუტების მიუკერძოებლობა არის უმთავრესი პრინციპები, რომლებიც განაპირობებს მთავრობის ეფექტიანობას.

 

“საქართველოში ჩვენ ვახდენთ კანონმდებლობის კონსოლიდაციას, რომელშიც თავმოყრილი იქნება რეგულაციები ღიაობის პრინციპზე დაყრდნობით ინფორმაციის თავისუფლების ახალი სტანდარტების დასამკვიდრებლად. რასაკვირველია, ეს მიზნები უნდა ეხებოდეს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობასაც. ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების დაკმაყოფილება უცხო ძალის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციისა და ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის იძულებით გადაადგილების პირობებში,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივად და დაუბრკოლებლად მოხდეს გადასვლა ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგზე, რაც მოითხოვს გაბედულ ნაბიჯებს კაცობრიობის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ.
 
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს სამიტზე. ნიუ-იორკი, აშშ. 26.09.2015. ფოტო: პრემიერის ადმინისტრაცია
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს სამიტზე. ნიუ-იორკი, აშშ. 26.09.2015. ფოტო: პრემიერის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი