ახალი ამბები

26 მაისი- თბილისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება

25 მაისი, 2018 • 1787
26 მაისი- თბილისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება

თბილსის მერიის ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 24-25 და 26 მაისს თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.

 

25 მაისს, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება. აქედან გამომდინარე, ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ და უკუმიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებს.

რაც შეეხება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრანსპორტისთვის დამატებით ბარათაშვილის ქუჩაც ჩაიკეტება. ამდენად, ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯავახიშვილის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაივლის შემდეგ ბარათაშვილის ხიდზე აუხვევს და ავლაბრის მოედანზე მობრუნდება.

ქეთევან წამებულის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავლაბრის მოედანზე მობრუნდება და უკუმიმართულებით იმოძრავებს, ხოლო ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაივლის, მშრალ ხიდზე აუხვევს, შემდეგ ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება და სვლას უკუმიმართულებით განაგრძობს.

მარშრუტები, რომლებიც ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდებიან, მოძრაობას ზაარბრიუკენის მოედანზე დაასრულებენ.

საპატრულო პოლიციის ცნობით, შეზღუდვები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულებისანავე მოიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი