ზუგდიდის მერი ემოციურს უწოდებს პოსტს, რომლითაც ბიზნესმენებს რ2-ის ბოიკოტისკენ მოუწოდა

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, სადაც საუბარია, რომ წინა განცხადება, რომელშიც ბიზნესმენებს საპატრიარქოს განცხადების გათვალისწინებისა და რუსთავი 2-ის ბოიკოტისკენ მოუწოდა, მხოლოდ მისი პოზიციაა და გუნდის შეხედულებებს არ გამოხატავს.

მანვე დაადასტურა, რომ ეს სტატუსი მართლაც დაწერა, თუმცა მოგვიანებით წაშალა. რამდენიმე საათით ადრე მან ნეტგაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ ეს სტატუსი არ დაუწერია და ეს ფაბრიკაციაა.

“პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ვიხილე გიორგი გაბუნიას გადაცემაში. თუმცა ეს ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის პოზიციაა, რომელიც ჩემს პირად გვერდზე გავაზიარე. ვწუხვარ, თუ ეს ჩემი პირადი, ემოციური პოსტი აღქმული იქნა გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად (სწორედ ამიტომ წავშალე ეს სტატუსი ჩემი პირადი ფბ გვერდიდან).

ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება თავისუფალია და მეც, როგორც მოქალაქეს, მაქვს ამის უფლება. ვიმეორებ, ეს არის ჩემი, ლაშა გოგიას პოზიცია და არ გამოხატავს გუნდის პოზიციას,”- წერს ლაშა გოგია ფეისბუკის პირად გვერდზე.

ზუგდიდის მერის წინა განცხადება, რომელიც ამჟამად წაშლილია, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

ფოტო, რომელიც ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი