ახალი ამბები

ზუგდიდის მერი რუსთავი 2-ს ბოიკოტს უცხადებს

25 მაისი, 2018 • 4871
ზუგდიდის მერი რუსთავი 2-ს ბოიკოტს უცხადებს

მას შემდეგ, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ სამღვდელოებას მოუწოდა ტელეკომპანია “რუსთავი: 2-ის ბოიკოტირებისკენ, იგივე გააკეთა ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ. მან ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ რუსთავი 2-ს ინტერვიუს არ მისცემს.

ნეტგაზეთმა ზუგდიდის მერს ჰკითხა, სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე და ამავე დროს ბოიკოტს უცხადებს კონკრეტულ მედიასაშუალებას, არის თუ არა ეს ამ მედიაზე ზეწოლის ფორმა, ლაშა გოგია პასუხობს:

“რატომ არის ზეწოლის ფორმა? სხვა ტელეკომპანიებს რომ მივცე ინტერვიუ და კომენტარი გავაკეთო, რა პრობლემაა? ნებისმიერს მივცემ, მაგრამ როდესაც ფაბრიკაციას გააკეთებენ, მაშინ რატომ უნდა მივცე? კითხვა მაქვს ლოგიკური.”

ზუგდიდის მერი ამბობს, რომ არის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ტელეკომპანიამ ზუგდიდის მერიის საქმიანობაზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

ნეტგაზეთმა მას ჰკითხა, თუ მსგავსი ნამუშევრის გამო უცხადებს რუსთავი 2-ს ბოიკოტს, მისი გადაწყვეტილება რატომ მოჰყვა საპატრიარქოს მოწოდებას? პასუხად ლაშა გოგია ამბობს, რომ “ყველაფერი ერთმანეთს დაემატა”.

“არც ის არის სწორი, რაც ჩვენზე, მართლმადიდებლებზე გადაცემებს აკეთებს გაბუნია. სადაც სხვისი უფლება იზღუდება ეს არ ნიშნავს თავისუფლებას”, – უთხრა ლაშა გოგიამ ნეტგაზეთს.

მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის მერი იზიარებს საპატრიარქოს ინიციატივას რუსთავი 2-ის მიმართ ბოიკოტის შესახებ, ის უარყოფს , რომ მან ბიზნესმენებს მოუწოდა ტელეკომპანიის ბოიკოტირებისკენ.

ფოტო, რომელიც ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე 25 მაისს გაავრცელა სქრინი, რომელზეც აღბეჭდილია ლაშა გოგიას საჯარო სტატუსი. ამ სტატუსში წერია, რომ ლაშა გოგია ბიზნესმენებს მოუწოდებს, გაიზიარონ საპატრიარქოს მოწოდება და რეკლამა არ მიიტანონ რუსთავი 2-ში.

ზუგდიდის მერმა ნეტგაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ ეს სტატუსი არ დაუწერია და ეს ფაბრიკაციაა.

ნიკა გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ ლაშა გოგიას ამ სტატუსს აუცილებლად გამოიყენებენ სტრასბურგში ხელისუფლებიდან მომდინარე ზეწოლის საილუსტრაციოდ. გოგიას პირად გვერდზე აღნიშნული სტატუსი ამ დროისათვის (17:30) არ იძებნება.

ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ლაშა გოგია 2005 წელს  სამეგრელო-ზემო სვანეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, იმავე კუდის ზუგდიდის განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი იყო. 2005-2008 წლებში კი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ამავე ბიოგრაფიის მიხედვით, გოგია 2012 წლიდან “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილეა. 2016 წლიდან ის ზუგდისის მერია. “ნაციონალური მოძრაობა” აცხადებდა, რომ გოგია მათი წევრი იყო და პარტია ისე დატოვა, ამის შესახებ მათთვის არ უცნობებია. აღნიშნულს გოგია უარყოფს.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს მოწოდება რუსთავი 2-ის მიმართ ბოიკოტისკენ, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს ხელისუფლებას, რომელიც უნდა იყოს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება. ამასთან, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მაგალითი მისცეს საზოგადოების სხვა ჯგუფებს ამ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელების.

ამავე თემაზე:

არის თუ არა ზუგდიდში “ოცნების” მერობის კანდიდატი ყოფილი “ნაციონალი”

მინდიაშვილი: საპატრიარქოს იარაღი არა ღვთის სიყვარული, არამედ მოღერებული ტაბურეტია

მასალების გადაბეჭდვის წესი