ახალი ამბები

“ოცამდე კრეატიული სააგენტო 12-13 მაისის მოვლენებზე შს მინისტრს შეხვდა”

25 მაისი, 2018 • 2206
“ოცამდე კრეატიული სააგენტო 12-13 მაისის მოვლენებზე შს მინისტრს შეხვდა”

12-13 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, ოცამდე კრეატიული და საკომუნიკაციო სააგენტო შეხვდა. ამის შესახებ თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და ბრენდ საკონსულტაციო სააგენტო “მილენიალ ჰაბის” დამფუძნებელი რეზო ჩარკვიანი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული, შეხვედრაზე წარმოდგენილი სააგენტოები 12-13 მაისის საპროტესტო აქციების მონაწილეები იყვნენ, ხოლო შეხვედრის შემოთავაზება თავად მინისტრისგან მოდიოდა.

რაც შეეხება ჯგუფის ძირითად გზავნილებს, როგორც რეზო ჩარკვიანი წერს, პირველი გზავნილი სააგენტოების მხრიდან პოლიციური რეჟიმის ნიშნების შემჩნევასა და ამ კუთხით გამოწვეულ პროტესტს უკავშირდება.

“12 მაისს პოლიციური სახელმწიფოს აღდგენის ნიშნები დაფიქსირდა. მეტიც, დღემდე ვგრძონთ და ვთვლით, რომ იმ ღამიდან მოყოლებული უკვე ვცხოვრობთ ფარულ პოლიციურ სახელმწიფოში, რის კონტრიბუტორებადაც ძალოვან სტრუქტურებს (სუს-ი და სხვა) მოვიაზრებთ და არა ცალკე აღებულ პოლიციას და, მით უმეტეს, პატრულს,” – ნათქვამია წერილში.

გარდა ამისა, სააგენტოებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ აქციის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ახალი თაობის დემონიზირებას და მათ, როგორც საქართველოს მტრებად წარმოჩენას.

რაც შეეხება მესამე გზავნილს, როგორც რეზო ჩარკვიანი წერს, შეხვედრაზე კრეატიული სააგენტოების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მათი მთავარი და გაცხადებული მიზანი პოსტსაბჭოთა სახელისუფლებო სისტემის არსობრივი ცვლილებაა.

“ჩვენი ხედვა და მიზანი არის, რომ მოხდეს პოსტსაბჭოთა სახელმწიფო სისტემის ძირეული, არსობრივი ცვლილება. ხელისუფლება დაეშვას ციდან მიწაზე და უზენაესი ინსტიტუციიდან იქცეს ინსტრუმენტად(!) მოქალაქეების ხელში, რომელსაც ჩვენ ვქირაობთ დროებით, რომელიც გვემსახურება, ჭკუას კი არ გვასწავლის და გვმოძღვრავს, არამედ დაკავებულია კონკრეტული საქმის აღსრულებით, რომელიც ჩვენ დავუკვეთეთ და როგორც დაქირავებული, ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფი მუშაკი, პასუხს აგებს ჩვენ წინაშე გაწეული საქმის ხარისხზე,” – წერს ჩარკვიანი.

უწყებისა და გიორგი გახარიას პოზიციაზე საუბრისას,რეზო ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ  მე-2 (ახალგაზრდების დემონიზირების მცდელობა) და მე-3 (საბჭოთა სისტემის ცვლილება) პუნქტებზე მინისტრი ჯგუფს დაეთანხმა, თუმცა:

“1-ელ პუნქტზე, პოლიციური სახელმწიფოს აღდგენაზე ვერაფრით დაგეთანხმებითო, რაზეც ვუპასუხე – “ბრენდის პირველი ჭეშმარიტებაა, რომ ბრენდი არის ის და ისეთი, როგორსაც მას მომხმარებლები თვლიან და არა ის, რაც ბრენდის მფლობელს თუ მმართველს ჰგონია, ამიტომ დღევანდელი სახელმწიფო ბრენდი იქცა და არის პოლიციური…” , გაეღიმა, ჩაფიქრდა და მესმისო,” – წერს რეზო ჩარკვიანი.

ნეტგაზეთმა ჰკითხა რეზო ჩარკვიანს, თუ კონკრეტულად რომელი კრეატიული სააგენტოები ესწრებოდნენ შეხვედრას. მისი თქმით, ყველა სააგენტოს ვერ გაიხსენებს, თუმცა მათ შორის იყვნენ  “მილენიალ ჰაბი”, “ვინდფორსი”, “მეტრო”, “რედბერი”, “ბეთერფლაი”, “ლივინგსტონი” და “ბბდო”.

ნეტგაზეთი შეხვედრასთან დაკავშირებით ასევე დაუკავშირდა შსს-ს. მათ პასუხს მიღებისთანავე შეგატყობინებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი