იმოგზაურე წარსულში – როგორ და ვის აირჩევდი საქართველოში 100 წლის წინ

როგორ ჩატარდა დამფუძნებელი კრების პირველი არჩვენები საქართველოში, როგორი წინასაარჩევნო კამპანია ჰქოდათ პარტიებს და რითი განსხვავდებოდა მაშინდელი არჩვენები დღევანდელი არჩევნებისგან?

იმისთვის, რომ 1919 წლის 14, 15 და 16 თებერვალს გამართულ არჩევნებში მონაწილეობა მიგეღოთ, რომლითაც დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრებს აირჩევდით, 20 წლის მაინც უნდა ყოფილიყავით. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მინიმალურ საარჩევნო ასაკად 20 წელი იყო განსაზღვრული, განსხვავებით დღვანდელისგან, როცა საარჩევნო ხმის უფლება მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან აქვთ.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კაცად დაბადება არ დაგჭირდებოდათ. კანონმდებლობის მიხედვით, ქალებს ხმის მიცემის და კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების უფლებაც ჰქონდათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საარჩევნო ხმის უფლების მისაღებად ქალებისა და კაცებისთვის ერთი და იგივე ასაკი იყო გათვალისწინებული. საქართველო ერთ-ერთი იყო იმ 15–მდე ქვეყანას შორის, სადაც მაშინ ქალებს საარჩევნო ხმის უფლება ჰქონდათ.

ამომრჩევლებისადმი მოწოდება, მონაწილეობა მიიღონ 1919 წელს დაგეგმილ დამფუძნებელი კრების არჩენებში სამთავრობო გაზეთში. გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” #36, 14 თებერვალი, 1919 წელი. გაზეთი დაცულია თსუ–ს ბიბლიოთეკაში

ხმის მისაცემად არ დაგჭირდებოდათ კალამი, რაც თანამედროვე არჩევნების განუყოფელი ნაწილია. რა იყო მთავარი განსხვავება? საარჩევნო უბანზე მისული სასურველ პარტიას კი არ შემოხაზავდით, არამედ თქვენი სასურველი პარტიისთვის ცალკე დაბეჭდილ ბიულეტენს დაკეცავდით, ჩადებდით კონვერტში და ყუთში ჩააგდებდით.

1919 წლის არჩევნებზე სულ 15 პარტია იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, თქვენ 15 ბიულეტენიდან ერთ-ერთის ჩაგდება მოგიწევდათ ყუთში. ბიულეტენზე პარტიის მიერ წარდგენილი პროპორციული სია იყო ჩამოწერილი. თქვენ ხმას მისცემდით არა კონკრეტულ კანდიდატებს, არამედ პარტიის სიას. რაც შეეხება მაჟორიტარებს, რომლებსაც დღეს პარტიულ სიასთან ერთად ირჩევთ, მაშინდელ არჩვენებზე მაჟორიტარული სისტემა არ არსებობდა.

ძნელია საარჩევნო ოთახის აღწერა, რადგან დღემდე არაა აღმოჩენილი კადრი, რომელიც საარჩევნო ოთახს აღწერს, თუმცა ვიცით, რომ საარჩევნო ყუთი არ იყო გამჭვირვალე.

თუ თქვენ წინასწარ გქონდათ გადაწყვეტილი, ვის დაუჭერდით მხარს და ეს გაცხადებულიც ჰქონდათ, ბიულეტენს თქვენი რჩეული პარტიის წარმომადგენელი მოგიტანდათ და საარჩევნო უბანზე თქვენვე მიიტანდით მას. საარჩევნო უბანზე დაგჭირდებოდათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დღევანდელისგან განსხვავებით, მაშინ არ იყო მარკირებისთვის განკუთვნილი სითხე.

თუ თქვენ “გადაუწყვეტელი” ამომრჩეველი იქნებოდით (ასეთები ალბათ მაშინაც არსებობდნენ) ბიულეტენის მიღება საარჩევნო უბანზეც შეგეძლებოდათ.

თურმე ბიულეტენები ქართულის გარდა რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც იყო დაბეჭდილი. პარტიები ცესკოს ატყობინებდნენ, რომელ ენებზე რამდენი ბიულეტენის დაბეჭდვა სურდათ. ბიულეტენების დაბეჭდვის უფლება პარტიებსაც ჰქონდათ. სტამბის თანხა პარტიებს ცესკომ 13 თებერვალს აუნაზღაურა. ბიულეტენებს სახელმწიფო ან გამომცემლობების რედაქციებში ბეჭდავდნენ. დღეს ბიულეტენების დაბეჭდვის საკითხს ცესკო აწესრიგებს.

სოციალ–დემოკრატიული პარტიის საარჩევნო პლაკატი, რომელიც სამ ენაზე დაიბეჭდა. დოკუმენტი დაცულია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

არჩვენებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ატარებდა, რომლის შემადგენლობაში 21 წევრი შედიოდა. აქ გათვალისწინებული იყო ოპოზიციის კვოტაც. ცესკოს აპარატში ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის სულ მცირე ერთი ადგილი მაინც იყო გათვალისწინებული. პარლამენტში არსებულ ფრაქციებს წევრთა პროპორციულად ჰყავდათ წარმომადგენლობა ცესკოში.

ცესკოს თავმჯდომარე სოციალ–დემოკრატიული პარტიის (მმართველი პარტია) წევრი იყო, ცესკოს მდივნის პოსტიც ამავე პარტიის წევრს ეკავა. ცესკოს თავჯდომარის ორი მოადგილე და ხაზინადარი კი ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ.

საარჩევნო სიები ცესკომ 22–26 იანვარს დაარეგისტრირა არჩევნებში. ყოფილა კანონთან შეუსაბამო ფაქტებიც, სიებში საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები შეჰყავდათ, რასაც კომისია ასწორებდა. პარტიებს ყველა კანდიდატის ხელმოწერით დადასტურებული თანხმობის წერილი უნდა წარედგინა ცესკოში.

მაგალითად, ცნობილი პუბლიცისტი მიხაკო წერეთელი ეროვნულ–დემოკრატებმაც და სოციალისტ–ფედერალისტებმაც შეიყვანეს თავიანთ სიებში, მაშინ, როდესაც არცერთ პარტიას არ ჰქონდა წარმოდგენილი წერეთლის ხელმოწერით დადასტურებული განცხადება.

როგორი იყო წინასაარჩევნო გარემო და როგორ მიიღებდით ინფორმაციას პარტიების დაპირების შესახებ?

ამომრჩევლებთან ურთიერთობისთვის პარტიები მედიას, მიტინგებს და ინტელექტუალურ შეხვედრებსაც კი იყენებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდი პრესა იყო. თითქმის ყველა პარტიას თავისი მხარდამჭერი გაზეთი ჰქონდა.

სოციალ–დემოკრატების მხარდამჭერი გაზეთი “ერთობა” იყო, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი -გაზეთი “საქართველო”, გაზეთი “სახალხო საქმე” სოციალისტ–ფედერალისტებს უჭერდა მხარს, სოციალისტ–რევოლუციონერებს – გაზეთი “შრომა”, “კლდე” კი “ნაციონალისტური პარტიის” მხარდამჭერი ბეჭდური გამოცემა იყო.

საქართველოს ნაციონალისტური პარტიის საარჩევნო პლაკატი, რომელშიც წარმოჩენილია მისი დაპირისპირება ორ მსხვილ პოლიტიკურ ძალასთან: სოციალ–დემოკრატიულ პარტიასა და ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასთან. გაზეთი “სალი კლდე” #31 13 თებერვალი. გაზეთი დაცულია თსუ–ს ბიბლიოთეკაში.

ამომრჩევლებთან კომუნიკაციის კიდევ ერთი ფორმა მიტინგები იყო, რომლებსაც ქალაქებსა და სოფლებში პარტიები მართავდნენ. უცნობია, მაშინ იყო თუ არა კარდაკარი და ამომრჩეველთან ინდივიდუალური შეხვედრები, თუმცა ბიულეტენის ამომრჩევლამდე მიტანის პრაქტიკა კარდაკარის ერთგვარ წინამორბედად შეიძლება მოვიაზროთ.

სოციალისტური პარტიები (სოციალ–დემოკრატები, სოციალისტ–ფედერალისტები, სოციალისტ–რევოლუციონერები) მოსახლეობას ძირითადად ჰპირდებოდნენ 8-საათიან სამუშაო დროს, 16 წლამდე ბავშვებისთვის მუშაობის აკრძალვას. სქესის, ეროვნული ან რელიგიური ნიშნით თანასწორობას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.

სოციალისტური პარტიები ჰპირდებოდნენ მოქალაქეებს, რომ ნორმაზე მეტი მიწას ვისაც ჰქონდა, ჩამოართმევდნენ, ხოლო უმიწაწყლო ან მცირემიწიან გლეხებს მიწებს მისცემდნენ. სოციალისტური პარტიები მიწისა და წარმოების საშუალებების საზოგადოებრივ საკუთრებად გარდაქმნას უჭერდნენ მხარს. სოციალ–დემოკრატები ფიქრობდნენ, რომ ეს ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო, სოციალისტ–რევოლუციონერები კი დაუყოვლებლივ ითხოვდნენ ამ მიზნის მიღწევას.

სოციალისტ–ფედერალისტები მხარს უჭერდნენ ძლიერ თვითმმართველობებს და ეთნიკური უმცირესობებისთვის ავტონომიების შექმნას.

თუ დღეს ხელოვანების ან სპორტსმენების პოლიტიკაში ყოფნის გამო უკმაყოფილო ხართ, 1919 წელსაც უკმაყოფილო იქნებოდით. არჩევნებში მონაწილე 15 პარტიას შორის ხელოვანთა გაერთიანება “ესტეტიკური ლიგა პატრიოტებისა” იყო, რომელშიც შედიოდნენ მწერლები: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე, პუბლიცისტი პავლე ინგოროყვა, მხატვარი ლადო გუდიაშვილი, ხელოვანი ალექსი არსენიშვილი.

არჩევნებში მონაწილეობდა უპარტიოთა გაერთიანებაც, რომელშიც გენერალი კოტე აბხაზი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, პოეტი კოტე მაყაშვილი იურისტი და დიპლომატი – ზურაბ ავალიშვილი და ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე შედიოდნენ.

სოციალისტ–ფედერალისტთა საარჩევნო პლაკატი გაზეთ “სოციალისტ–ფედერალისტში” #21, 3 თებერვალი, 1919 წელი. გაზეთი დაცულია თსუ–ს ბიბლიოთეკაში.

საარჩევნო ოლქები ქალაქებისა და მაზრების მიხედვით იყო დაყოფილი. თუ თქვენ სოფელში იცხოვრებდით სამი დღის მანძილზე, 14, 15 და 16 თებერვალს 9 საათამდე შეგეძლოთ ხმის მიცემა, თუ ქალაქში იცხოვრებდით, 8 საათამდე.

ცალკეული მაზრებისა და ქალაქების შედეგებს გაზეთები ერთი კვირის განმავლობაში აქვეყნებდნენ. შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ნათელი გახდა, რომ უპირატესობა პირველმა ნომერმა, სოციალ–დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა. მაგალითად, ოზურგეთის მაზრაში პარტიამ ხმების 95% მიიღო.

როგორც ვიცით, დუშეთის მაზრაში (მაშინდელი მუნიციპალიტეტი) შედეგები გაუქმდა იმის გამო, რომ საარჩევნო ყუთში იმაზე მეტი კონვერტი აღმოაჩინეს, ვიდრე ამ უბანზე რეგისტრირებული ამომჩეველი იყო. ამ უბანზე არჩევნები ხელმეორედ ჩატარდა.

ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის მიერ დაგეგმილი საჯარო მიტინგის აფიშა გაზეთი “საქართველო” #29, 7 თებერვალი, 1919 წელი. გაზეთი დაცულია თსუ–ს ბიბლიოთეკაში.

არჩევნების შედეგებს თუ თვალყურს მიადევნებდით, გაიგებდით, რომ კენჭისყრაზე 506 815 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩვეელთა საერთო რაოდენობის (831 324) 60% იყო. ამომრჩეველთა ხმების 80% სოციალ დემოკრატებმა მიიღეს, 5.9% – ეროვნულ–დემოკრატიულმა პარტიამ, სოციალისტ–ფედერალისტებმა – 6.6%, სოციალისტურ-რევოლუციურმა პარტიამ – 4.2%.

დღეს, თუ პარლამენტში მოსახვედრად 5%–იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო, დამფუძნებელ კრებაში კანდიდატის შესაყვანად სპეციალური საზომი “მეტრი” (3756)  იყო დადგენილი. მეტრი მიიღეს შემდეგნაირად – არჩვენებში მონაწილეთა რაოდენობა გაყვეს დამფუძნებელი კრების ადგილების ჯამზე – 130–ზე.

ადგილები შემდეგი მეთოდით გადანაწილდა –  პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა იყოფოდა მეტრზე (3756). მიღებული შედეგით ირკვეოდა, რამდენ ადგილს მიიღებდა პარტია.

დამფუძნებელ კრებაში 109 ადგილი სოციალ–დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო, 8–8 ადგილი- ეროვნულ–დემოკრატიულმა და სოციალისტ–ფედერალისტურმა პარტიამ, 5 მანდატი კი სოციალისტ–რევოლუციურმა პარტიამ მოიპოვა.

სოციალისტ–რევოლუციონერთა პარტიის მიმართვა მიწის მუშებისადმი. გაზეთი შრომა” #20, 28 იანვარი, 1919 წელი. გაზეთი დაცულია თსუ–ს ბიბლიოთეკაში.

1919 წლის არჩვენები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ ჩატარებულა. აფხაზეთში, ბორჩალოს, ახალციხის, ახალქალაქის, სვანეთის მაზრებსა და აღმოსავლეთ საქართველოს მაზრების მაღალმთიან სოფლებში განმეორებითი არჩვენები 1919 წლის აგვისტოში ჩატარდა.

ამის მიზეზი ის იყო, რომ სვანეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან სოფლებში დიდი თოვლი მოვიდა. ბორჩალოს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში ომი ახალი დამთავრებული იყო და არჩევნების ჩატარება ვერ შეძლეს.

ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი პლაკატი

1919 წლის თებერვლის არჩევნების შემდეგ კიდევ ორი დამატებითი არჩევნები ჩატარდა- 1919 წლის აგვისტოსა და 1920 წლის მაიში. 1920 წლის 21 მაისს გამოქვყნდა მეორე დამატებითი არჩევნების შედეგი, საბოლოოდ ადგილები ასე გადანაწილდა: 102 ადგილი ჰქონდა სოციალ–დემოკრატებს, ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიას – 8, სოციალისტ–რევოლუციონერებს – 6, “დაშნაკციურციუნს”  – 3, სოციალისტ–ფედერალისტებს – 9, ეროვნულ პარტიას – 2.

ამ დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის მარტამდე იარსება – ვიდრე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო. დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლებამ საბჭოთა ხელისუფლებასთან შეთანხმებას არჩია ემიგრაციაში წასულიყო და იქიდან ებრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

შენიშვნა: სტატია დაფუძნებულია ბროშურაზე “პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“, რომლის ავტორ–შემდგენლები ირაკლი ირემაძე და სალომე ჭანტურიძე არიან/რედაქტორი – ზურაბ გაიპარაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com