აგრესიის გაჩენა დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს – ნაცვლიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში დაპირისპირების და აგრესიის გაჩენა დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს და ეს იქნება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესში, ამიტომ ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი ბოძია, რაზეც დგას ქვეყნის დემოკრატიის დღევანდელი და ხვალინდელი დღე და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს.

“რაც შეეხება ამ კონკრეტულ გამოხმაურებას, რა თქმა უნდა, ეკლესიას, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს უფლება რაღაც მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს და აქვს უფლება, რომ რომელიმე ტელევიზიას არ ეთანამშრომლოს.

მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, არანაირი ძალადობა არ განხორციელდეს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე და მედიასაშუალებებზე – ისინი იყვნენ დაცული საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში,” – ამბობს პრეზიდენტი საპარლამენტო მდივანი.

მისი განცხადებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი ბოძი, რაზეც დგას ქვეყნის დემოკრატიის  დღევანდელი და ხვალინდელი დღე და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს:

“ამ გაგებით, ხელისუფლება და სახელმწიფო ვერ გახდება ცენზორი. ეს დაუშვებელია, იქნება ეს რელიგიური მოტივაცია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, თუ სხვა საკითხები, ცენზურა დაუშვებელია – ამას ამბობს ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო და არასოდეს საქართველო თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვან მანძილზე არ ყოფილა თეოკრატიული სახელმწიფო.

ჩვენ მუდმივად ვიყავით სეკულარული სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო და ეკლესია არის გამიჯნული და მათ აქვთ თავისი ფუნქციები, მიზნები და სამოქმედო არეალი. ეს იყო ისტორიულად ჩვენი სახელმწიფოს არქიტექტურა. ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ამ ისტორიულ ტრადიციას, ისევე, როგორც უნდა ვცეთ პატივი იმ ქვეყნის კონსტიტუციას, რომელშიც ვცხოვრობთ, და ერთმანეთის უფლებებს.”

ანა ნაცვლიშვილის თქმით, უპირველესი მაინც არის ის, რომ არ ვიმოქმედოთ და არ დავაზიანოთ ქვეყნის ინტერესები, რომელიც ცალსახად იქნება ჩვენი შემასუსტებელი და საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალების წისქვილზე დაასხამს წყალს.

ანა ნაცვლიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არხის არცერთ გადაცემაში მონაწილეობა.

საპატრიარქოს განცხადებამდე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა მიტროპოლიტმა იობმა. მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ გაბუნია ჟურნალისტი კი არა “ეშმაკის მსახურია”, “ის არის შეჩვენებული, ის არის წყეული”.

საპატრიარქოს და მღვდელმთავრის რეაქცია მოჰყვა გიორგი გაბუნიას გადაცემას “არჩევანი”. გადაცემა შეეხებოდა კანონპოროექტს, რომლითაც შესაძლოა აიკრძალოს მხატვრული ნამუშევარი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მოსამართლე. გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ლია უკლება და გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მისი ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” წარადგინა:

“შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს”,- თქვა გაბუნიამ.

საპატრიარქოს რეაქციის პასუხად “რუსთავი 2″–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ განცხადების უკან რამდენიმე მღვდელი და თეთრუაშვილი დგანან. გვარამიამ ასევე თქვა, რომ თუ ამ განცხადების შემდეგ “რუსთავი 2″–ის რომელიმე თანამშრომელს საფრთხე შეექმნება, ეს საპატრიარქოს პასუხისმგებლობა იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.