ახალი ამბები

გვინდა გამარჯვება გავიფორმოთ – “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი კვირის აქციაზე

25 მაისი, 2018 • 1958
გვინდა გამარჯვება გავიფორმოთ – “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი კვირის აქციაზე

კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ტატო გეთიას თქმით,  27 მაისს  დაგეგმილი რეივ-აქცია ბასიანის ტერიტორიაზე 18 საათზე დაიწყება და ღამის 12 საათამდე გაგრძელდება.

“27 მაისის ძირითადი მოთხოვნა იყო, დაებრუნებინათ კლუბი და ეს მოთხოვნა შესრულდა. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც ხელისუფლებისგან კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას, რადგან კლუბი “ბასიანი” პოლიტიკური მძევალი იყო და ეს არა მხoლოდ “ბასიანის”, არამედ მთელი ელექტრონული სცენის პრობლემა იყო. შესაბამისად, გვინდა ეს გამარჯვება გავიფორმოთ, აღვნიშნოთ და ყველა ერთად დავდგეთ. პირველად მთელი საკლუბო სცენა გაერთიანდება და სხვადასხვა ადგილების წარმომადგენლები ერთად დაუკრავენ,”-აცხადებს ტატო გეთია.

როგორც კლუბის მფლობელები აცხადებენ ამ აქციაზე ბასიანის კარი ყველასთვის ღია იქნება. “12 მაისის “შავი პარასკევის” მოვლენებიდან 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული კლუბები დაგვიბრუნა. ჩვენი კარი ღიაა. თუმცა ღია კარი არ ნიშნავს რომელიმე ღამის კლუბის გახსნას, არამედ კარის გაღებას საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, ყველა ადმიანისთვის, ვინც მზადაა ერთად დადგეს საერთო გამოწვევებისა და პრობლემების წინააღმდეგ,”-წერია “ბასიანის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-მ კლუბ “ბასიანს” ლუქი 23 მაისს მოხსნეა. სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს. “ბასიანი” და “გალერი” 12 მაისიდან დალუქული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი