ილჰამ ალიევმა 12 ოპოზიციონერი შეიწყალა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დღეს, 25 მაისს, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში 28 მაისს აღინიშნება,  634 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, ოფიციალური ინფორმაციითვე, 12 ოპოზიციის წარმომადგენელია.

შეწყალებულებს შორის არიან, პოეტი სადაი შექერლი, ასევე, ნარდარანის მოვლენების დროს დაკავებული პირები და აქციებზე დაკავებული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, აზერბაიჯანში პოლიტიპატიმართა რიცხვი ბევრად უფრო დიდია.

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრის,  კრიტიკისა და  ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი