მიხეილ ჩხენკელი საფრანგეთში მიმდინარე უმაღლესი განათლების მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, პარიზში მიმდინარე უმაღლესი განათლების მინისტერიალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგების წინაშე სიტყვით წარსდგა.

მინისტრმა იმ პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა, რომელიც ბოლონიის პროცესში საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტეგრაციამ განაპირობა და რომლის შედეგად საქართველომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით სტანდარტების ჩამოყალიბება და სტრუქტურული რეფორმების ჩატარება შეძლო.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველო კვლავ აქტიურად მუშაობს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც ახალ პრიორიტეტებს ქმნის ერთობლივი მუშაობისათვის და თანამშრომლობის აუცილებლობას აჩენს საქართველოში განათლების, გადამზადების, ახალგაზრდული სისტემების მოდერნიზაციისა და რეფორმისათვის.

შეხვედრის ბოლოს ევროკავშირის განათლების საინფორმაციო ქსელის (Eurydice) წარმომადგენელმა ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ნაწილში, დევიდ კროსიერმა, ხაზი გაუსვა, რომ ბოლონიის პროცესს და საერთაშორისო ვალდებულებებს საქართველო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. შედეგად, რეგიონის მასშტაბით, საქართველო გამორჩეულად წარმატებულია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრებთან, უნივერსიტეტების რექტორებთან და უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად პარიზში მიმდინარე უმაღლესი განათლების მინისტერიალში მონაწილეობს. მინისტერიალის ფარგლებში ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მომდევნო სამი წლის სამოქმედო გეგმას დასახავენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი