ახალი ამბები

რეივ-აქცია რიყის ნაცვლად ბასიანზე გაიმართება

24 მაისი, 2018 • 2393
რეივ-აქცია რიყის ნაცვლად ბასიანზე გაიმართება

ბასიანი რეივ-აქციას რიყის პარკის ნაცვლად ბასიანის ტერიტორიაზე გამართავს. როგორც კლუბის მფლობელები აცხადებენ, ამ აქციაზე ბასიანის კარი ყველასთვის ღია იქნება.

“თბილისის რეივ-აქცია საკლუბო სცენისა და საზოგადოების ერთიანობის მანიფესტაციაა, 27 მაისს BASSIANI / HOROOM / SPACEHALL-ის კარი ყველასთვის ღიაა, ევროპის მოედნის ნაცვლად ვბრუნდებით სახლში.

12 მაისის “შავი პარასკევის” მოვლენებიდან 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული კლუბები დაგვიბრუნა. ჩვენი კარი ღიაა. თუმცა ღია კარი არ ნიშნავს რომელიმე ღამის კლუბის გახსნას, არამედ კარის გაღებას საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, ყველა ადმიანისთვის, ვინც მზადაა ერთად დადგეს საერთო გამოწვევებისა და პრობლემების წინააღმდეგ.

ისტორიამ არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ გამარჯვება საზოგადოებრივი მიზნებისა და უკეთესი მომავლისთვის ერთობლივი ძალებით მიიღწევა.

თბილისის საკლუბო სცენამ, რომელმაც ერთიანობისა და სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი გამოავლინა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ხალხთან ერთად სოციალური ცვლილებების ავანგარდში დგას, იბრძვის სამართლინობისთვის, თანასწორობისა და თავისუფლებისთვის.

27 მაისი სიმბოლური თარიღია, ბერლინის საკლუბო სცენაზე არსებული 70-ზე მეტი კლუბი მასობრივ რეივ-აქციას მართავს. ადგილობრივი გამოწვევებით ვუერთდებით ამ სულისკვეთებას და 27 მაისს ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენლები, კლუბები, ფესტივალები, არტისტები, ლეიბლები, მუსიკალური პროექტები ერთად ვდგებით და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ.

დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია, ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ერთად ვიბრძვით, ერთად ვიმარჯვებთ!

კლუბების ინიციატივას უერთდება გლობალური ონლაინ მუსიკალური პლატფორმა Boiler Room, რომელიც თბილისის აქციას პირდაპირი ტრანსლაციით გადასცემს”, -წერია კლუბის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი