სააკაშვილი: ღვთისმშობლის აგდებულად ხსენება შეურაცხყოფს მორწმუნე ქრისტიანების გრძნობებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება “რუსთავი 2″–ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ გიორგი გაბუნიას ბოლო გადაცემა შეცდომა იყო.

“გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში მისი გამოსვლა სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს, ისევე როგორც საკუთარი დედის აუგად მოხსენიება. პირადად ჩემთვის ეს იყო ძალიან უსიამოვნო სანახავი.

ვთხოვ ყველას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გრძნობებს და თავი შევიკავოთ უაზრო წყენის მიყენებისგან და როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში! ამავე დროს, მიუღებელია ამ თემის ერთი ჟურნალისტიდან მთლიანად რუსთავი ორზე განვრცობა და მთელ ტელევიზიაზე აგრესიის გადატანა, რაც პირდაპირ შედის ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მტრის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესებში!”, – წერს სააკაშვილის ფეისბუკზე.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არხის არცერთ გადაცემაში მონაწილეობა.

საპატრიარქოს განცხადებამდე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა მიტროპოლიტმა იობმა. მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ გაბუნია ჟურნალისტი კი არა “ეშმაკის მსახურია”, “ის არის შეჩვენებული, ის არის წყეული”.

საპატრიარქოს და მღვდელმთავრის რეაქცია მოჰყვა გიორგი გაბინიას გადაცემას “არჩევანი”. გადაცემა შეეხებოდა კანონპოროექტს, რომლითაც შესაძლოა აიკრძალოს მხატვრული ნამუშევარი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მოსამართლე. გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ლია უკლება და გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მისი ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” წარადგინა:

“შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს”,- თქვა გაბუნიამ.

საპატრიარქოს რეაქციის პასუხად “რუსთავი 2″–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ განცხადების უკან რამდენიმე მღვდელი და თეთრუაშვილი დგანან. გვარამიამ ასევე თქვა, რომ თუ ამ განცხადების შემდეგ “რუსთავი 2″–ის რომელიმე თანამშრომელს საფრთხე შეექმნება, ეს საპატრიარქოს პასუხისმგებლობა იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com